პროექტის – „ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში“ – შესახებ

ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში

დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროექტი „ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში” წარმოადგენს საგანმანათლებლო პროექტს, რომლის მიზანიც არის დემოკრატიისა და დემოკრატიისათვის განათლების ხელშეწყობა, სხვადასხვა სასკოლო სისტემათა სხვადასხვა დონეზე, ქვეყნებში, როგორებიცაა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ხორვატია, საბერძნეთი, კოსოვო, მონტენეგრო, რუმინეთი, სერბეთი, შვეიცარია და სხვ.

განათლების სფეროში საერთაშორისო პროექტის (IPE) ფარგლებში, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, შეიქმნა დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ექვსი წიგნი. აღნიშნული საგანმანათლებლო მასალა ემყარება იმ იდეას, რომ დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება უზრუნველყოფს მოსწავლეთა აღჭურვას სკოლასა და მათ გარემოში აქტიური ჩართულობისათვის საჭირო უნარებითა და ცოდნით.

ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ვსწავლობთ დემოკრატიის შესახებ

შესაბამისად, ხელი უნდა შევუწყოთ მოსწავლეებში საჭირო კომპეტენციების განვითარებას სამი ძირითადი მიმართულებით:

  • დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა თემებისადმი მიძღვნილი გაკვეთილები
  • სკოლა – ადგილი, სადაც ვცხოვრობთ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებით
  • ვსწავლობთ, რათა ჩავერთოთ და მონაწილეობა მივიღოთ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში

სკოლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა ცხოვრებაში. შესაბამისად, სკოლაში შექმნილი უნდა იყოს ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვებსა და მოზარდებში არა მარტო კომპეტენციების განვითარებას, გაკვეთილებზე მიწოდებული მასალის საშუალებით, არამედ მისცემს მათ შესაძლებლობას, გაკვეთილზე ათვისებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ.

სკოლა ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში მოსწავლეების ჩართულობასა და აქტიურ მონაწილეობას და უზრუნველყოფდეს მათ ამ ამოცანის შესასრულებლად საჭირო და აუცილებელი ინსტრუმენტებით.

დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება მოიცავს სამ დონეს:

  • კლასი – კლასი წარმოადგენს მცირე მოცულობის საზოგადოებას, რომელიც დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების კუთხით პირველი გამოცდილების მიღების ფართო შესაძლებლობებს იძლევა.
  • სკოლა – სკოლა წარმოადგენს კლასთან შედარებით უფრო ფართო საზოგადოებას, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობებს მიიღონ სოციალურ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება.
  • საზოგადოება – ბავშვები და მოზარდები საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობის გამოცდილებას იღებენ სკოლის ფარგლებს გარეთ საკუთარი ინტერესების დაცვის საშუალებით.

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლებისათვის საგანგებოდ და სათანადოდ შერჩეული სასწავლო მასალა ხელს უწყობს სწავლის პროცესს და მოსწავლეების მიერ როგორც მათთვის მიწოდებული მასალის, ასევე მეთოდური და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული კომპეტენციების ათვისებას.

მოცემული პროექტის კიდევ ერთ მიღწევას წარმოადგენს ის, რომ ჩვენს გვერდზე განთავსებულია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ფარგლებში გამოცემული ყველა პუბლიკაციის (წიგნი I–დან წიგნი VI-ის ჩათვლით) სხვადასხვა ენაზე თარგმნილი ვერსიები, რომლებიც, ყოველგვარი საფასურის გარეშე, ხელმისაწვდომია ნებისმიერი მასწავლებლისა და დაინტერესებული პირისათვის.