თქვენ კითხულობთ ტომს I
განათლება დემოკრატიისათვის

1. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ – მისი სამი განზომილება

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რისი კეთების უნარს უნდა ფლობდნენ მოსწავლეები, და არა იმაზე, თუ რა უნდა ასწავლოს მათ მასწავლებელმა. სამი ძირითადი პრინციპი, რომლითაც იმართება მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სწავლის პროცესი, შესანიშნავად გამოიხატება შემდეგი მაგალითით:

  • აზრის თავისუფლება და აზრის გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის აუცილებელ პირობას და ძირითად სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებას. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში მოსწავლეები იძენენ ცოდნას აზრის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ, აფასებენ ამ უფლებას და იციან, როგორ არის იგი დაცული ეროვნული კონსტიტუციით. ეს წარმოადგენს სწავლის შემეცნებით განზომილებას (ცოდნა, კონცეფციები და გაგება).
  • მოსწავლეები სწავლობენ, როგორ გამოიყენონ ეს ძირითადი უფლება. ვინაიდან ამ უფლებით აქტიურად სარგებლობა უმნიშვნელოვანესია დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩართულობისათვის; ხელი ეწყობა მოსწავლეების წახალისებას, ჩამოაყალიბონ და გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები სხვადასხვა გზით, მათ შორის, საჯარო გამოსვლების საშუალებით (უნარებზე დაფუძნებული სწავლის განზომილება).
  • აზრის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას, მოსწავლეებს სჭირდებათ მხნეობა, რათა საკუთარი მოსაზრება გამოხატონ მაშინაც კი, როცა უმრავლესობას საწინააღმდეგო შეხედულება აქვს. ისინი ისმენენ სხვათა მიერ გამოხატულ მოსაზრებებს, შემწყნარებლობითა და პიროვნებისადმი პატივისცემის სულისკვეთებით. საკითხის შესახებ განსხვავებული მოსაზრებების გამო უთანხმოებისა და დაპირისპირების მოთოკვითა და აღკვეთით და განსხვავებული მოსაზრებებისათვის პიროვნული ხასიათის მიცემისაგან თავის შეკავებით, შესაძლებელია კონფლიქტების არაძალადობრივი საშუალებებით მოგვარება (გაგების, დამოკიდებულებებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული განზომილება).

ის, რასაც ზემოთ მოყვანილი მაგალითი გვიჩვენებს, შეიძლება განზოგადებულ იქნას, არა მარტო იმ თვალსაზრისით, თუ რა უნარს უნდა ფლობდნენ მოსწავლეები ადამიანის სხვა უფლებებით სარგებლობისას, არამედ ზოგადად სწავლისა და განათლების თვალსაზრისით. იმისათვის, რომ მოსწავლეთა ქმედებები ადეკვატური იყოს და გაღრმავდეს ის კომპეტენციები, რომელთაც ისინი ფლობენ, სწავლა უნდა მიმდინარეობდეს ამ სამი განზომილებით, რომელიც ერთმანეთს ავსებს – ცოდნა, კონცეფციები და გაგება; უნარები; დამოკიდებულებები და ღირებულებები. უკვე რამდენიმე ათწლეულია, მეთოდისტები და მასწავლებლები თანხმდებიან სწავლის ამ კონცეფციაზე.

მოსწავლეები ამ გზით იღებენ განათლებას; რა უნდა გააკეთოს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელმა მასწავლებელმა იმისათვის, რომ შექმნას სწავლის ადეკვატური შესაძლებლობები? პასუხი შემდეგია:

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ ახალგაზრდა მოქალაქეებად, რომლებსაც:

  • აქვთ ცოდნა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ადამიანის უფლებები და ის პირობები, რომლებზეც ამ უფლებების დაცვაა დამოკიდებული (რაც ხორციელდება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების „შესახებ“ სწავლის საშუალებით);
  • აქვთ სკოლაში, როგორც მიკროსაზოგადოებაში ყოფნის გამოცდილება, სადაც დაცულია მოსწავლეთა თავისუფლება და თანასწორობა; აქვთ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები (რაც ხორციელდება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის „საფუძველზე“ სწავლით);
  • გააჩნიათ კომპეტენცია/უნარი და თავდაჯერებულობა, რათა დაიცვან საკუთარი უფლებები და, ამავდროულად, ჩამოყალიბებული პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდებოდნენ სხვა ადამიანებსა და იმ საზოგადოებას, სადაც მათ უწევთ მოღვაწეობა (რაც ხორციელდება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის „მიზნით“ სწავლის საშუალებით).

1.1 დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შემეცნებითი განზომილება: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა „შესახებ“ სწავლა

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო საფეხურზე, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია).  ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა ადამიანს შეუძლია, ისარგებლოს თავისუფალი აზრის უფლებითა და გამოხატვის თავისუფლებით, ასევე, შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ნებისმიერი მედიასაშუალებით, რომელიც თავისუფალია ცენზურისაგან, გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ეს სასარგებლო მიზნით ხდება და მხოლოდ გარკვეულ გარემოებებში (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხლი 10). ქვეყნის კონსტიტუცია და სამართლებრივი გარემო უნდა ასახავდეს და იცავდეს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს და მოსწავლეებისათვის მათ შესახებ ცოდნის გადაცემაც ამ კუთხით უნდა წარმოებდეს. მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელია დემოკრატიისათვის თუნდაც მხოლოდ ეს უფლება.

ასევე, მოსწავლეები უნდა იცნობდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–14 მუხლს. რომელიც ეხება თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებს: ქალი და კაცი, მდიდარი და ღარიბი, ახალგაზრდა და მოხუცი, მოქალაქე და ემიგრანტი  –  ჩვენ ყველა თანაბრად ვსარგებლობთ ამ უფლებებით. ამ უფლებებით სარგებლობა წარმოადგენს პროცესს, რომელიც განვითარებას ექვემდებარება და ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული დემოკრატიული სისტემების მქონე სახელმწიფოების დღის წესრიგში მუდმივად დგას.

და ბოლოს, მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ, თუ რატომ უნდა იცავდეს თავის უფლებებს კანონი და რომ მათ, ასევე, ეკისრებათ პასუხისმგებლობაც (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 29). გამოხატვის თავისუფლება საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, პლურალისტურ საზოგადოებაში წინ წამოწიონ თავიანთი ინტერესები, ხოლო კონკურენტული გარემო გულისხმობს იმას, რომ იქნებიან წარმატებულებიც და ხელმოცარულებიც. კონსტიტუციამ, წესებმა და კანონებმა უნდა უზრუნველყოს ისეთი გარემო, რომელიც გარკვეულად შეზღუდავს ძლიერთა თავისუფლებებს და დაიცავს სუსტებს – განსხვავებათა ლეგალიზაციის გარეშე. ყველა პრობლემა წესებით ვერ გვარდება, ასე რომ საზოგადოების წევრებს უნდა გააჩნდეთ ურთიერთპასუხისმგებლობა.

გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებები სამართლებრივ ჩარჩოებს ქმნის, ისინი, ასევე, ნორმატიული ხასიათისაც არის. აქედან გამომდინარე, მოსწავლეები უნდა აცნობიერებდნენ, თუ რა დოზით შეუძლიათ მათ ისარგებლონ ადამიანის უფლებებით სკოლის საზოგადოებაში და, ზოგადად, ფართო საზოგადოებაში.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, 1950 წლის 4 ნოემბერი)
მუხლი 10
გამოხატვის თავისუფლება

(1) ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.

(2) ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 14
დისკრიმინაციის აკრძალვა

ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა ნიშნისა.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948 წლის 10 დეკემბერი)
მუხლი 29

1. ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება.

2. თავის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას, ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, როგორიც კანონითაა დადგენილი მარტოოდენ იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.

მოკლედ, ეს სამი მუხლი გამოხატავს ინდივიდუალურ თავისუფლებებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით ამ თავისუფლებათა რეგულირებას შორის არსებულ ერთგვარ დაპირისპირებას. საზოგადოებრივი წესრიგი, ერთი მხრივ, ზღუდავს და, მეორე მხრივ, იცავს ამ თავისუფლებებს.

მოსწავლეები, რომელთაც შეუძლიათ ამის ახსნა, საკმაო ინფორმაციას ფლობენ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა „შესახებ“, და სწორედ ეს წარმოადგენს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შემეცნებით განზომილებას.


1.2 დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მონაწილეობითი განზომილება: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „მიზნით“ სწავლა

დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩართულობა გულისხმობს,რომ მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ გამოიყენონ ის უფლებები და თავისუფლებები, რომელიც მათ აქვთ მინიჭებული,მაგალითად, საკუთარი უფლება ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, თავისუფალი აზროვნების, აზრისა დ აგამოხატვისთავის უფლება. მათ, აგრეთვე, უნდა ჰქონდეთ სხვებთან ურთიერთობის საკუთარი გამოცდილება – მაგალითად, ჯგუფში თავიანთი ინტერესების გამოხატვა, დათმობაზე მოლაპარაკებები ან შეთანხმება იმის თაობაზე, თუ როგორ განიმარტება „საყოველთაო კეთილდღეობა“ (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 29). მათ უნდა შეეძლოთ წესების ფარგლებში მოქმედება და დაწესებული შეზღუდვების დაცვა. ისინი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ სხვათა კეთილდღეობას და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობას.

მოკლედ, მოსწავლეებს არა მარტო უნდა ესმოდეთ, თუ რამნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ზემოთგანხილულ სამ მუხლს შორის არსებულ კავშირს, არამედ უნდა ისწავლონ, თუ როგორ დააფასონ ის ღირებულებები, რომლებიც ამ მუხლებით არის დაცული და იმოქმედონ შესაბამისად. ამგვარად, მათ უნდა შეეძლოთ თავიანთი ინტერესების სხვათა და მთლიანად საზოგადოების ინტერესებთან შეთანხმება.

მოსწავლეებმა, რომლებიც ამ პრინციპებზე არიან აღზრდილნი, იციან, როგორ მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს არის დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მონაწილეობითი განზომილება – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის „მიზნით“სწავლა, ასე ვთქვათ, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით.


1.3 დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების კულტურული განზომილება: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „საშუალებით“ სწავლა

ცოდნა და უნარები ადამიანს აძლევს საშუალებას, მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიულ პროცესებში, მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით, რაც ადამიანის ჭეშმარიტ დემოკრატად ჩამოყალიბებისათვის საკმარისი არ არის. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ ცოდნასა და უნარებს ფლობს რასისტი, მაშინ იგი ბოროტად გამოიყენებს მათ, ანუ გამოიყენებს დემოკრატიულ, ადამიანის უფლებათა პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების წინააღმდეგ შეტევის იარაღად. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ცოდნა და უნარები, რომელთაც ზურგს არ უმაგრებს ადამიანის უფლებათა ღირებულებები, უსარგებლოა დემოკრატიისათვის.

აქედან გამომდინარე, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას გააჩნია კულტურული განზომილება. სწავლებისა და სწავლის კულტურა უნდა ასახავდეს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითად გზავნილს.

ცოდნის შეძენა შესაძლებელია სწავლებისა და ინსტრუქციების მიღების საშუალებით (ლექციის მოსმენა, კითხვა); კომპეტენციების დაუფლება–განვითარება შესაძლებელია ტრენინგის საშუალებით (დემონსტრირება, პრაქტიკა, წვრთნა).  ამგვარად, მოსწავლეები გამოცდილებით იძენენ ღირებულებებს და მათ ასევე გამოცდილებით უყალიბდებათ დამოკიდებულებები.

მაგალითად, ახალგაზრდებს თვითშეფასება უყალიბდებათ მშობლებისა და მასწავლებლების წყალობით. მხოლოდ ის მოსწავლეები ეპყრობიან იმავე პატივისცემით თავიანთ თანატოლებს, რომელთაც აქვთ მასწავლებლების მხრიდან პატივისცემით მოპყრობის გამოცდილება. ადამიანის უფლებათა ღირებულებებთან ზიარება სკოლაში სოციალიზაციის პროცესით ხდება – სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „საშუალებით“.

ადამიანის უფლებათა ღირებულებები განმარტებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს და სხვა ორგანიზაციების მიერ და ისინი მოიცავს თანასწორობის პრინციპსა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს; მონაწილეობას, ჩართულობასა და ანგარიშვალდებულებას.

მაშინ, როცა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების „შესახებ“ სწავლება გარკვეულ სასკოლო საგანთა (მაგ. სოციალური მეცნიერებები, ისტორია, სამოქალაქო განათლება) ამოცანას წარმოადგენს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „საფუძველზე“ განხორციელებული სწავლების პროცესი გამოწვევაა მთლიანი სკოლისთვის – დემოკრატია და ადამიანის უფლებათა დაცვა სკოლის საზოგადოების ძირითად პედაგოგიურ სახელმძღვანელო პრინციპს წარმოადგენს და, ასევე, წარმოადგენს იმ სპექტრს, რომელშიც განიხილება სკოლის მმართველობის ყველა ელემენტი.