თქვენ კითხულობთ ტომს I
განათლება დემოკრატიისათვის

3. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების კომპეტენციები


3.1 „მე ვისურვებდი, ჩემს მოსწავლეებს შეეძლოთ“

„მას შემდეგ, რაც პრეზენტაციის ტექნიკა დავამუშავეთ, მე ვისურვებდი, რომ ყველა ჩემმა მოსწავლემ შეძლოს, მიმართოს კლასს, ჩანაწერებში ჩახედვის გარეშე.“

„მას შემდეგ, რაც ჩვენ ექვსი გაკვეთილი მივუძღვენით ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის საფუძვლების შესწავლას, ყველაზე მცირე, რასაც მე ველი ყველა ჩემი მოსწავლისაგან, არის ის, რომ ისინი ახსნიან, როგორ მუშაობს ჩვენი საარჩევნო სისტემა და მოცემულ მომენტში რომელი პარტიები დგას ხელისუფლების სათავეში.“

„რამდენიმე თვის წინ კლასში პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ საკითხის განხილვისას, მოსწავლეები არ უსმენდნენ ერთმანეთს და აწყვეტინებდნენ საუბარს იმ მოსწავლეს, რომლის მოსაზრებასაც არ იზიარებდნენ. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებაზე და იმაზე, რომ ამ უფლებით სარგებლობას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ერთმანეთს პატივისცემით ვეპყრობით. სასწავლო წლის დასასრულისათვის, ვიმედოვნებ, რომ ბევრი მოსწავლე გააცნობიერებს ამას და ეცოდინება, როგორ მოიქცეს დისკუსიის დროს.“

ზემოთ მოყვანილი ციტატები წარმოადგენს იმის მაგალითს, თუ რას ფიქრობს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელი მასწავლებელი გაკვეთილების დაგეგმვის პროცესში: ამგვარად განისაზღვრება მიზნები. მასწავლებელი გეგმავს, თუ რისი კეთება უნდა შეძლონ მისმა მოსწავლეებმა და რისი მიღწევა შეუძლიათ მათ, იმ შემთხვევაში, თუ ძალისხმევას არ დაიშურებენ: მასწავლებელი გეგმავს, თუ რა მიზანს უნდა მიაღწიონ მისმა მოსწავლეებმა და ამის შემდეგ გეგმავს სწავლის პროცესსა და განსაზღვრავს მოსწავლეების საჭიროებებს საწყის ეტაპზე – მათ შესაძლებლობებსა და სირთულეებს, რომელთა დაძლევაც მოსწავლეებს დასჭირდებათ; მათ ძლიერსა და სუსტ მხარეებს.

ამგვარი მოსამზადებელი სამუშაო მასწავლებლებისათვის სიახლეს არ წარმოადგენს – ეს მათთვის კარგად აპრობირებული პრაქტიკაა. მასწავლებელთა უმრავლესობა არა მარტო გაკვეთილის თემასა და შესწავლის საგანზე ახდენს ყურადღების კონცენტრირებას – „არდადეგებამდე მე-19 საუკუნე უნდა დავასრულოთ“ – არამედ იმასაც განსაზღვრავს, თუ რა შედეგების მიღება სურს მოსწავლეებისაგან.

მიზნები, რომლებიც მოსწავლეებს უკავშირდება და უკავშირდება იმას, თუ რა შედეგები ექნებათ მათ, წარმოადგენს მოსწავლეების კომპეტენციებს. შემდგომ, ცხოვრებაში მოსწავლეებს მოუწევთ მასწავლებლის, მწვრთნელისა და ზედამხედველის გარეშე გაართვან თავი შექმნილ სიტუაციებს. სწავლების ტრადიციული მოდელი – ფორმალური ინსტრუქციები, მკაცრად განსაზღვრული სასწავლო პროგრამები – არ უწყობს ხელს მოსწავლის ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ, თავის თავში დარწმუნებულ და კომპეტენტურ პიროვნებად, იმ თვალსაზრისით, რომ სწავლების ტრადიციული მოდელი არ არის ორიენტირებული ისეთ განზომილებებზე როგორიცაა უნარები, დამოკიდებულებები და ღირებულებები.

ზემოთ მოყვანილი სამი მაგალითი კომპეტენციების განვითარების სხვადასხვა განზომილებას გულისხმობს:

  • პირველი მაგალითი გულისხმობს აუდიტორიასთან მხედველობითი კონტაქტის დამყარებასა და თავისუფლად საუბარს – ეხება შინაგან შესაძლებლობებს, რომლებიც არ არის დამოკიდებული შინაარსზე, მაგრამ მოსწავლეებს სძენს უნარს, რომელიც მათ ყოველთვის გამოადგებათ, მათ ხელთ არსებული ცოდნისა თუ ინფორმაციის გამომჟღავნებისა თუ სხვებისათვის გადაცემის პროცესში. ამ შემთხვევაში ვითარდება უნარი, ანუ სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „მიზნით“, ეხმარება მოსწავლეებს, ისარგებლონ მათთვის მინიჭებული ადამიანის უფლებით და მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებში.
  • მეორე მაგალითი გულისხმობს საარჩევნო სისტემის საფუძვლების გაგებასა და ინფორმაციის ფლობას იმის შესახებ, თუ ვინ გაიმარჯვა უკანასკნელ არჩევნებში და, შესაბამისად, ვინ შეადგენს ამჟამად მოქმედ მთავრობას; ეს არის დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „შესახებ“ სწავლების მაგალითი. ახალგაზრდა მოქალაქეები უნდა ფლობდნენ ცოდნას იმის შესახებ, თუ ადამიანის რომელი უფლებები – მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება – არის შესული მათი ქვეყნის კონსტიტუციაში, სამოქალაქო უფლებების სტატუსით, და რა მნიშვნელობა ენიჭება მათ ხმას ქვეყნის საარჩევნო სისტემაში.
  • და ბოლოს, მესამე მაგალითი გამოხატავს ღირებულებებისა და დამოკიდებულებების მნიშვნელობას. დემოკრატიას განსაზღვრავს პოლიტიკური კულტურა, რომელიც ყალიბდება იმ დამოკიდებულებებისა და ღირებულებების საფუძველზე, რომლის მიმართაც ერთგულებას იჩენენ მოქალაქეები, მოცემულ შემთხვევაში, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს წარმოადგენს ურთიერთპატივისცემა და იმ მოსაზრებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება, რომელსაც მოსწავლეები შეიძლება არ იზიარებდნენ. მოსწავლეები მზად უნდა იყვნენ იმის გასაცნობიერებლად, რომ მათი უფლება – იყვნენ თავისუფალნი  – უნდა ითვალისწინებდეს სხვათა უფლებებსაც. აქედან გამომდინარე, თავისუფლება გულისხმობს ვალდებულებებს. ადამიანის უფლებათა კულტურა გულისხმობს არამარტო უფლებებით სარგებლობას, როგორც მოსწავლეების, ასევე, მასწავლებლისათვის, არამედ იმის გაცნობიერებასაც, რომ ჩვენ ერთმანეთის მიმართ გვაქვს ვალდებულება, პატივი ვცეთ სხვათა უფლებებს. ადამიანი ღირებულებებს გამოცდილებითა და დამაჯერებელი მოდელების საშუალებით ითვისებს – სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების „საშუალებით“.

3.2 კომპეტენციები - ზოგადი განმარტება

კომპეტენციები გულისხმობს იმას, თუ რისი კეთება შეუძლია პიროვნებას,იმ სამ ასპექტში, რომელიც პიროვნების ინდივიდუალობის საფუძველს წარმოადგენს:

  • რა ცოდნას ფლობს  და რას აცნობიერებს;
  • უნარები, რომლებიც პიროვნებას საშუალებას აძლევს, გამოიყენოს საკუთარი ცოდნა;
  • იმ ცოდნასა და უნარებში დარწმუნება და მათი სათანადოდ შეფასება, რომელსაც ფლობს პიროვნება, რისი შედეგიც არის ამ ცოდნისა და უნარების პასუხისმგებლობითა და დამაჯერებლად გამოყენებისათვის მზადყოფნა.

ბოლო ასპექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. არა მარტო მასწავლებელი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მისი მოსწავლეები ფლობენ კომპეტენციას, არამედ თავად მოსწავლეებმაც უნდა გააცნობიერონ ეს. მათ უნდა ჰქონდეთ შეგნებული, თუ რა გონებრივ რესურსებს ფლობენ ისინი და რა ამოცანისა თუ პრობლემის გადასაჭრელად უნდა გამოიყენონ ეს რესურსები. გარდა ამისა, მათ სჭირდებათ, იყვნენ თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებულები, რათა მიიღონ გამოწვევები და შესაძლო მარცხის რისკი, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პროცესს უკავშირდება.


3.3 როგორ შეუძლია მასწავლებელს, აღმოაჩინოს, რა კომპეტენციებს ფლობენ მისი მოსწავლეები? კომპეტენციები და მათი გამოვლენა

კომპეტენციები გულისხმობს ჩვენ „შიგნით“ არსებულ უნარებსა და პოტენციალს. აქედან გამომდინარე, ისინი დაფარულ უნარებსა და პოტენციალს წარმოადგენს. მაშინ როგორ შეუძლია მასწავლებელს, აღმოაჩინოს, რა კომპეტენციებს ფლობენ მისი მოსწავლეები?

მოვიყვანოთ მაგალითი. ლინგვისტი ნოამ ჩომსკი აღწერს მშობლიური ენის მატარებლის ენობრივ კომპეტენციას. მშობლიური ენის მატარებლები მუდმივად ქმნიან და აღიქვამენ წინადადებებს, რომლებიც მათ აქამდე არასდროს წარმოუთქვამთ და არც არასდროს სმენიათ. ენობრივ კომპეტენციას ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ჩვენ აღვიქვამთ მშობლიური ენის მატარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებას და, აქედან გამომდინარე, უნდა მივიჩნიოთ, რომ იგი ფლობს აზრის ჩამოყალიბებულად გადმოცემის კომპეტენციას.

კომპეტენცია არ არსებობს ვიზუალური გამოხატულების გარეშე, მაგრამ ასევე არ არსებობს არც ერთი მოქმედება კომპეტენციის გარეშე. მასწავლებლები თავიანთი მოსწავლეების კომპეტენციის განვითარებას აფასებენ მათ მიერ შესრულებული ქმედებებით – რისი კეთება შეუძლიათ მათ. ამოცანაზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს აძლევს კომპეტენციების დახვეწის შესაძლებლობას, ხოლო მასწავლებლებს აძლევს მოსწავლეების მიღწევების შეფასებისა და მათი საჭიროებების განსაზღვრის საშუალებას. აღნიშნული დებულება ვრცელდება არა მარტო დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე, არამედ, ზოგადად, სწავლებასა და სწავლაზე.


3.4 მოსწავლეთა კომპეტენციები დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროში - მოდელი

ჩვენ მოსწავლის კომპეტენციის განვითარებას მოსწავლის მიერ შესრულებული მოქმედების ჩვენეული აღქმის საშუალებით ვაფასებთ. კომპეტენციები უხილავია და მათი გამოვლენა მხოლოდ მოდელის შექმნით შეგვიძლია, რომელიც გვეხმარება სწავლის მიზნების განსაზღვრასა და მოსწავლეთა მიღწევების შეფასებაში.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების წინამდებარე გამოცემაში ჩვენ ჩავრთეთ კომპეტენციათა შემდეგი მოდელი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითად პრინციპებს – სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საშუალებით, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში მოსწავლეთა კომპეტენციები მოიცავს შემდეგ ჩამონათვალს:

  • პოლიტიკური ანალიზი და მსჯელობა;
  • უნარები (იხილეთ წინამდებარე წიგნის ნაწილი 3);
  • მოქმედება და პოლიტიკაში მონაწილეობა;
  • პიროვნული და სოციალური კომპეტენციები.

3.4.1 პოლიტიკური ანალიზისა და მსჯელობის კომპეტენციები

დემოკრატიული მოქალაქეობა გულისხმობს, რომ მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ საკითხი, რომელსაც განიხილავენ, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს მოქალაქეების ინფორმირებულობას და იმას, რომ მოქალაქეები ფლობდნენ პრობლემების, განსახილველი საკითხისა და კონფლიქტის ანალიზის უნარს. ეს წარმოადგენს კომპეტენციების განვითარების შემეცნებით განზომილებას (პოლიტიკური საკითხების „შესახებ“ სწავლა).

აღქმისა და შემეცნების ამ დონის გარეშე, მოქალაქე დემაგოგების, ლობისტებისა და პოპულისტების იოლ სამიზნედ იქცევა და ვერ შეძლებს ინდივიდუალური თუ ჯგუფის ინტერესების განსაზღვრასა და მასზე მოლაპარაკებების წარმოებას. ჩვენ  ვართ დამოკიდებული მედიაზე, როგორც ინფორმაციის წყაროზე და უნდა ვფლობდეთ მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის უნარს.

პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა, ისევე როგორც ცხოვრებაში ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიცით, რისი მიღწევა გვსურს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს საკუთარი ინტერესებისა და მიზნების განსაზღვრა, მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს შორის, ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს შორის ბალანსის გამონახვა. პოლიტიკა არის გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომელიც პრობლემების გადაჭრასა და კონფლიქტების მოგვარებას ემსახურება; არ არსებობს არჩევანი, რომელიც გადაწყვეტილების არმიღებას გულისხმობს, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მსჯელობის გარეშე შეუძლებელია.

მზარდი კომპლექსურობა, რომელიც მოდერნიზაციის ეპოქაში ჩვენი საზოგადოების მახასიათებელს წარმოადგენს, ძალიან მაღალ მოთხოვნებს უყენებს „რიგითი მოქალაქის“ ანალიზისა და მსჯელობის კომპეტენციას. საკითხების პერსონალიზება – პოლიტიკური ლიდერების მიმართ ნდობის ან უნდობლობის გამოცხადება – არის ერთ-ერთი გზა ამ კომპლექსურობის შემსუბუქებისაკენ. განათლება, და არა მარტო დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, წარმოადგენს იმ ძირითად საშუალებას, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მუდმივად იყვნენ ჩართული ისეთ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, რომლებიც მათ ეხებათ.

3.4.2 უნარები

მოსწავლეებს უნდა გააჩნდეთ გონებრივი რესურსები – უნდა ფლობდნენ უნარებსა და ტექნიკას – რათა სისტემატურად იღებდნენ და იყენებდნენ ინფორმაციას და დამოუკიდებლად აყალიბებდნენ თავიანთ მოსაზრებებს. ეს რესურსები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას:

  • მიიღონ ინფორმაცია როგორც მედიის საშუალებით, ასევე, პირველწყაროდან, გამოცდილებითა და კვლევის საშუალებით – ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის გამოყენების, ინტერვიუებისა და კვლევების წარმოების, განსჯა-მსჯელობის და ა.შ. ტექნიკა;
  • შეარჩიონ და დაიმახსოვრონ ინფორმაცია (კონსტრუქტივისტული სწავლა) – დაგეგმვის, დროის განსაზღვრის, კითხვის, ფიქრის, ჩანაწერების გაკეთების ტექნიკა;
  • განსაზღვრონ, წარმოადგინონ, სხვებს გაუზიარონ და დაიცვან თავიანთი მოსაზრებები – გასავრცელებელი მასალის, პოსტერების, ნაშრომების, PowerPoint-ში  მომზადებული პრეზენტაციების შექმნის, ლექციების, განხილვების, დებატების და ა.შ. მომზადების ტექნიკა (ერთობლივი კონსტრუქტივისტული სწავლა და დეკონსტრუქცია);
  • გაიაზრონ სწავლისა და შეძენილი ცოდნის გამოყენების პროცესები და შედეგები.

ეს უნარები, მნიშვნელოვანწილად, საჭიროა არა მხოლოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში, არამედ, ზოგადად, სკოლაში. მათი საშუალებით შესაძლებელი ხდება მოსწავლეების მომზადება სწავლის უფრო მაღალი საფეხურისათვის და კვალიფიციური სამუშაო ადგილებისათვის. ამ ფორმალური, კონტექსტს მოცილებული უნარების განვითარება, დისციპლინათშორისი წვრთნის საშუალებით, აუცილებელიც არის და შესაძლებელიც.

3.4.3 მოქმედებისათვის მზადყოფნა

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისას მოსწავლეებისათვის ფორმალური უნარების გამომუშავება ხელს უწყობს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სწავლას, მაგრამ მხოლოდ ამით შემოფარგვლა არ არის საკმარისი. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში სკოლა მიჩნეულია მიკროსაზოგადოებად, სადაც მოსწავლეები თავიანთი გამოცდილებით სწავლობენ, თუ როგორ მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში. კომპეტენციები, რომლებიც სკოლაში გამომუშავდება, მოიცავს:

  • საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების გაცნობიერებას, საკუთარი ინტერესების გარკვევასა და წინ წამოწევას;
  • ხმის მიცემას, არჩევნებში მონაწილეობას ამომრჩევლისა და კანდიდატის ფუნქციებით (კლასის წარმომადგენლების არჩევა);
  • მოლაპარაკებების წარმოებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას;
  • გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე ზემოქმედებას ინფორმირებულობის დონის ამაღლებით,  ლობირებითა და კოლექტიური აქტივობით;
  • წესებისა და სანქციების ჩარჩოების არსებობის აუცილებლობის გაცნობიერებასა და სათანადოდ შეფასებას.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება და, ზოგადად, სკოლა გადამწყვეტ როლს თამაშობს მოსწავლეებისათვის სწავლის შესაძლებლობების შექმნის თვალსაზრისით, რათა მათ, აქ მიღებული განათლების გამოყენებით, თავიანთი წვლილი შეიტანონ იმ საზოგადოების წინსვლაში, რომელსაც ეკუთვნიან. თუმცა სკოლას მოსწავლეების მიერ ამოცანებისათვის თავის გართმევისა და მათი კომპეტენციების განვითარების შეფასების საკუთარი საზღვრები გააჩნია. შეძენილი ცოდნისა და კომპეტენციების გამოვლენის შესაძლებლობები სკოლის ფარგლებს სცდება, გადადის ფართო საზოგადოებაში და გრძელდება მოზრდილობის პერიოდში. შემდგომში რთულია და უფრო მეტად შეუძლებელია სწავლის შედეგების დაკავშირება სკოლაში შეძენილ ცოდნასა და უნარებთან.

3.4.4 პიროვნული და სოციალური კომპეტენციები

კომპეტენციის ცნება გარკვეულწილად რთულდება, როდესაც ღირებულებებისა და დამოკიდებულებების განზომილებას ესადაგება. მეორე მხრივ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ართმევს თავს მოსწავლე დავალებას, როგორ იქცევა იგი და, აქედან გამომდინარე, მოქმედებისათვის მზადყოფნა შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს კომპეტენციად. კომპეტენციის განვითარების ეს განზომილება ესადაგება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „საშუალებით“ სწავლას. იგი მოიცავს შემდეგს:

  • საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დარწმუნებულობა და თვითშეფასება;
  • თანაგრძნობა;
  • ურთიერთპატივისცემა;
  • კომპრომისზე წასვლის აუცილებლობის გაცნობიერება;
  • პასუხისმგებლობა;
  • ადამიანის უფლებათა გაცნობიერება, როგორც საერთო ღირებულებებისა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი ხდება მშვიდობის, სამართლიანობისა და სოციალური ერთობის შენარჩუნება.

3.5 მასწავლებელთა კომპეტენციები დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროში

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელი მასწავლებელი განსაზღვრულ კომპეტენციებს უნდა ფლობდეს, რათა მან საკუთარ მოსწავლეებს ადეკვატური სასწავლო გარემო შესთავაზოს.

მასწავლებელთათვის განკუთვნილი ინსტრუმენტების ჩამონათვალი შეიცავს ინსტრუმენტს, რომელიც მასწავლებლებს ეხმარება, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისას, კომპეტენციებზე ორიენტირებული მიზნების დასახვაში, რაზეც წინამდებარე თავის შესავალშია საუბარი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ ევროპის საბჭოს გამოცემა: რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მასწავლებელმა სამოქალაქო განათლებისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების ხელშესაწყობად: მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო (სტრასბურგი, 2009 წელი).