თქვენ კითხულობთ ტომს I
განათლება დემოკრატიისათვის

7. მეთოდი, რომელიც შეიცავს გზავნილს: ამოცანაზე ორიენტირებული სწავლა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში


7.1 მოქალაქეობის შესახებ ტრადიციული განათლების ხარვეზები

ტრადიციული, შინაარსზე დაფუძნებული სწავლების პირობებში, სამოქალაქო განათლება ორიენტირებულია, მიაწოდოს მოსწავლეებს ფაქტები და ინფორმაცია ქვეყნის ინსტიტუციური ჩარჩოების შესახებ. თუმცა სწავლების საგნის შინაარსი, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძველებოდა და საჭირო იყო მისი გადაკეთება და სისტემატური სწავლება. მოსწავლეთათვის პარლამენტის შესახებ ფაქტების დამახსოვრება მტკნარი წყლის აუზში მობინადრე თევზის სხვადასხვა სახეობის დამახსოვრებისაგან დიდად არ განსხვავდებოდა; ისინი „სწავლობდნენ“, რათა ჩაებარებინათ გამოცდა და მერე დაევიწყებინათ „შესწავლილი“ მასალა. სწავლების მსგავსი მოდელი, განათლების თვალსაზრისით, არანაირი სარგებლის მომტანი არ არის დემოკრატიულ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ საზოგადოებაში მცხოვრები მოქალაქეებისათვის.


7.2 განათლება დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დაცვის საშუალებითა და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის საჭიროებს აქტიურ სწავლას

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლებისას, ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე ინფორმაცია გარკვეულ მიზანს ემსახურება – შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში (სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „მიზნით“). თუმცა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მოითხოვს წვრთნასა და გამოცდილებას. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლებაში აუცილებელია, მეთოდი შეიცავდეს გზავნილს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა „შესახებ“ სწავლებას ხელს უნდა უწყობდეს მეთოდი, რომლითაც მოსწავლეები სწავლობენ – სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „საშუალებით“. მოსწავლეებს სჭირდებათ სასწავლო გარემო, რომელიც ხელს უწყობს ინტერაქტიულ, კონსტრუქტივისტულ სწავლასა და კომპეტენციების განვითარებას. მოკლედ რომ ვთქვათ, მოსწავლეები უნდა იყვნენ აქტიურნი და ჩართულნი – მასწავლებლის ფუნქცია შემოიფარგლება მათთვის საშუალების მიცემით, რომ ისინი დაკავდნენ და კომუნიკაცია დაამყარონ ერთმანეთთან.


7.3 ამოცანები - მასწავლებლის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, აქტიური სწავლის ხელშეწყობისათვის

მასწავლებლის პერსპექტივიდან ზედმიწევნით ზუსტად შერჩეული ამოცანები წარმოადგენს სწავლის აქტიური პროცესის შენარჩუნების მთავარ ინსტრუმენტს. ამოცანის შედგენის ან შერჩევისას, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს სწავლებისა და სწავლის ყველა ძირითადი ასპექტი: თემატიკის სტრუქტურა და სწავლის მიზნები, მოსწავლეების საწყისი მიღწევებისა და აღქმა-გაგების დონე, მათი უნარები, სწავლის შესაძლებლობები და საშუალებები და კლასში არსებული სამუშაო ატმოსფერო.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლება ძირითადად აგებულია ამოცანაზე დაფუძნებულ სწავლაზე. მოცემულ სახელმძღვანელოთა კრებულის წიგნებში II, III, IV, V და VI, მრავლად არის მოცემული  ამოცანაზე დაფუძნებული სწავლის მაგალითები და აღწერა – რომლებიც დალაგებულია ოთხ-ოთხი გაკვეთილის ფორმით, რაც რეალისტურ დაგეგმვას შეესაბამება. ამოცანაზე დაფუძნებული სწავლა ოთხ ძირითად კატეგორიას მოიცავს: რეალურ სიტუაციათა სიმულაცია, რეალობის კვლევა და პროდუქტი/შედეგი. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოყვანილია ამ კატეგორიათა მაგალითები.

ამოცანაზე დაფუძნებული სწავლა
რეალურ სიტუაციათა სიმულაცია საკლასო გარემოში რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების კვლევა და მოქმედება პროდუქტი

რეალურ სიტუაციათა გათამაშება როლების გადანაწილებით

თამაში გადაწყვეტილების მიღებაზე

ქანდაკებები

კონფერენციები

თოქ შოუები

დებატები

სასამართლო მოსმენები

ტრიბუნალები

ინტერვიუ ექსპერტთან

ინტერვიუ ქუჩაში

გამოკითხვა და კვლევა

სტაჟირება

სპეციალისტზე დაკვირვება

პრაქტიკული მაგალითები

მონაწილეობა სკოლის მმართველობაში

მონაწილეობა გაკვეთილის დაგეგმვაში

პრეზენტაცია

სარეკლამო პროსპექტი

პოსტერი

ფლაერი

კედლის გაზეთი

ვიდეო ან მუსიკალური კლიპი

ინტერნეტსაიტი

პრეზენტაცია

ანგარიში:კვირის ახალი ამბავი

გამოფენა

პორტფოლიო

უნარებში წვრთნა

 


7.4 ამოცანაზე ორიენტირებული სწავლა არის პრობლემაზე ორიენტირებული სწავლა

გამოცდილებით დასტურდება, რომ მოსწავლეები დიდად აფასებენ თავისუფლებას, რომელიც მათ ამგვარ გარემოში ენიჭებათ, ისევე, როგორც მასწავლებლის მხრიდან გამოცხადებულ ნდობას, რომ ისინი მათთვის მიცემულ დროს ნაყოფიერად გამოიყენებენ. მოსწავლეები პასუხისმგებლობის აღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში სწავლობენ, თუ მათ ამის თავისუფლება ეძლევათ. წარუმატებლობის რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ რისკის გარეშე შეუძლებელია პროგრესის მიღწევა. უფრო მეტიც, მოსწავლეების მიერ მიღწეული შედეგები შესაძლებელია არ ამართლებდეს მასწავლებლის მოლოდინს, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, მასწავლებელი ეცნობა მოსწავლეების კომპეტენციათა განვითარების დონეს და მათ სწავლის საჭიროებებს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია სწავლების შემდგომი პროცესის დაგეგმვისას. სწავლის პროცესი სწორედ ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სწავლის შედეგი.

ამოცანაზე დაფუძნებული სწავლისას, მოსწავლეების წინაშე დგება პრობლემა, არა მარტო ამოცანის შინაარსსა და შესწავლის საგანთან დაკავშირებული, არამედ უწევთ ფიქრი, როგორ დაგეგმონ შესასრულებელი სამუშაო. მოსწავლეებს კარგად უნდა ესმოდეთ პრობლემის არსი და თავად უნდა მონახონ მისი მოგვარების გზები. პრობლემის გადაჭრის ამოცანასთან დაკავშირებული ნებისმიერი გამოწვევა უნარებში დახელოვნების შესანიშნავ შესაძლებლობებს იძლევა, როგორიცაა, მაგალითად, დროის გადანაწილება, სამუშაოს დაგეგმვა, გუნდის წევრებს შორის თანამშრომლობა, მასალის მოპოვება და ინფორმაციის შერჩევა, საშუალებებისა და ინსტრუმენტების მოძიება და მათი გამოყენება და ა. შ. ამოცანაზე დაფუძნებული სწავლა კომფორტულია, ვინაიდან მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, ამოცანა თავიანთ შესაძლებლობებს მოარგონ.


7.5 მასწავლებლის როლი ამოცანაზე ორიენტირებული სწავლის ეტაპებზე

ამოცანაზე დაფუძნებული სწავლა ძალიან ახლოს არის მოზრდილი ადამიანის ცხოვრების გამოცდილებასთან, ვინაიდან ჩვენ ყველას გვიწევს, თავი გავართვათ ჩვენ წინაშე მდგარ ამოცანებს, მასწავლებლისა და მწვრთნელის გარეშე. მასწავლებელი უნდა ეცადოს, ხელი არ შეუშალოს მოსწავლეებს ამ უდიდესი მნიშვნელობის შესაძლებლობაში, სწავლის პროცესში დროზე ადრე და საჭიროზე მეტი დოზით ჩართვით. მასწავლებელი მწვრთნელის ან ინსტრუქტორის როლს ასრულებს, ნაცვლად მისი ტრადიციული როლისა, რომელიც ლექციითა და მოსწავლეთა გამოცდითა და შეფასებით შემოიფარგლებოდა.

  • მაწავლებელი აკვირდება, თუ როგორ ართმევენ თავს მისი მოსწავლეები ამოცანის შესრულების დროს მათ წინაშე წამოჭრილ პრობლემებს, არ არის აუცილებელი მყისიერი რეაგირება, თუ მოსწავლეები დახმარებას მოითხოვენ. მის ფუნქციას შეადგენს მინიშნებების მიცემა და, საჭიროების შემთხვევაში, ამოცანის მეტ-ნაკლებად გამარტივება. საჭიროა მოსწავლეებს მივცეთ დრო, რომ მათ თავად „იწვალონ“ პრობლემურ საკითხთან გამკლავებისას, როგორც ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება.
  • მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეების მუშაობის პროცესს და გონებაში აფასებს ორ ასპექტს – სწავლის პროცესის მიმდინარეობას და მოსწავლეთა მიღწევებს შესრულებული სამუშაოს თვალსაზრისით.22 მოსწავლეების მუშაობის პროცესი, ამოცანის შესრულებისას, წარმოადგენს მოსწავლეების სწავლის საჭიროებების შეფასების საუკეთესო ნიადაგს. მოსწავლეების მუშაობის პროცესზე დაკვირვებისას, მასწავლებელი პირველ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შემდგომი გაკვეთილების თანამიმდევრობის დაგეგმვისთვის.
  • შესაძლებელია, მასწავლებელმა შეასრულოს ინფორმაციის წყაროს ფუნქცია; როდესაც მოსწავლეებს ეს დასჭირდებათ, მასწავლებელი მოკლედ უპასუხებს დასმულ შეკითხვაზე. ამგვარი სწავლების პროცესში მასწავლებლისა და მოსწავლეების როლები შეცვლილია – მოსწავლეები თავად ირჩევენ, როდის და რა თემასა თუ საკითხზე სურთ მათ ინფორმაციის მიღება მასწავლებლისაგან.

22. იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს ნაწილი 2, თავი 5, სამუშაო ფურცელი 3: შეფასების პერსპექტივები და ფორმები.


7.6 აქტიური სწავლა მოითხოვს შეჯამებას

ამოცანაზე დაფუძნებულ სწავლას განმტკიცება სჭირდება და, ასევე, დაუყოვნებელი შეჯამებაც, იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, სიტუაციის გათამაშებისას, როლის შესრულების შემდეგ, მოსწავლეებს მძაფრი ემოციები ეუფლებათ, როგორიცაა მხიარულება, იმედგაცრუება, ბრაზი და ა. შ.

საერთო საკლასო განხილვისას, რომელსაც მასწავლებელი თავმჯდომარეობს, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს და მოჰყავთ მაგალითები ამა თუ იმ ამოცანის შესრულების პროცესში მიღებული გამოცდილებიდან. რა შევისწავლეთ? როგორ შევისწავლეთ? რატომ შევისწავლეთ? ამგვარი შეჯამების გარეშე, ამოცანაზე დაფუძნებული სწავლა მხოლოდ „მოქმედებას მოქმედებისათვის“ წარმოადგენს. კონსტრუქტივისტული სწავლის თვალსაზრისით, შეჯამება არის აბსტრაქტული და სისტემატური ანალიზისა და მსჯელობის პროცედურა. მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს მიაწოდოს ინსტრუქციები – ცნებები, დამატებითი ინფორმაცია – რომელიც ამოცანაზე დაფუძნებული სწავლის საგნის კონტექსტს შეესაბამება.