თქვენ კითხულობთ ტომს I
განათლება დემოკრატიისათვის

2. სწავლებისა და სწავლის პირობებთან დაკავშირებული ამოცანა და ძირითადი კითხვები

2.1 ამოცანა

წინამდებარე თავის დასაწყისში მოცემულია ძირითადი კითხვები. შემდგომი კითხვები, რომლებიც მასწავლებელთა თვითკონტროლისთვის არის განკუთვნილი, უფრო დეტალურ მიდგომას გვთავაზობს სწავლის პირობების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით.

2.2 ძირითადი კითხვები

  • რა ცოდნასა და უნარებს ფლობენ მოსწავლეები მოცემულ ეტაპზე?
  • რა ცოდნასა და უნარებს ვფლობ მე?
  • რა გარეშე პირობები უნდა გავითვალისწინო?
  • რა ვიცი ჩემის მოსწავლეების, როგორც პიროვნებების შესახებ?
  • ცოდნის რა ელემენტები და რა ინფორმაცია სჭირდებათ მოსწავლეებს იმისათვის, რომ თავი გაართვან ახალ დავალებას?
  • იმ შესწავლის საგანთან დაკავშირებით, რომელიც მოსწავლეებისათვის სიახლეს წარმოადგენს, რა ინფორმაციას, უნარებსა და გამოცდილებას ფლობენ მოსწავლეები მოცემულ ეტაპზე? რა არის ახალი მათთვის, რისი გამეორება მოუწევთ, რა არის უმთავრესი და რა არის მეორეხარისხოვანი?
  • როგორია ჩემი მოლოდინი მოსწავლეების მიერ მუშაობისა და სწავლის ტექნიკის დაუფლებასთან დაკავშირებით და როგორია მათი გამოცდილება, სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, სწავლების სხვადასხვა მეთოდსა და ფორმასთან დაკავშირებით?
  • რა პოზიტიური ან ნეგატიური დამოკიდებულებების, წინასწარგანწყობის, ჩვევებისა და  შეხედულებების გამოვლინების მოლოდინი უნდა მქონდეს?
  • როგორ უნდა დავძლიო ის პრობლემები, რომლებიც უკავშირდება მოსწავლეების მხრიდან გამოვლენილ, სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს, სწავლის პროცესის შემაფერხებელ ფაქტორებსა და მოსწავლეებში სწავლისადმი მონდომებისა და მზადყოფნის ნაკლებობას?
  • ადეკვატურად შევაფასე თუ არა მოსწავლეების მზადყოფნა სწავლისათვის, მათი ემოციური მდგომარეობა, მათი რეაგირების უნარი, მათი სწავლის საჭიროებები, მათი გამოცდილება, მათი ინტერესები, თავისუფალი დროის გამოყენების მათეული ჩვევები და ცხოვრებისეული პირობები?
  • რა სოციალურ-კულტურული პირობები, ზემოქმედება და დახმარების რა სისტემებია მნიშვნელოვანი კლასში მუშაობისათვის? ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რა როლს თამაშობენ მშობლები, დედმამიშვილები, თანატოლები ან სხვა პირები?

2 - სამუშაო ფურცელი 1: როგორ გამოვიყენოთ მოსწავლეების უნარები და ცოდნა

  • რა ვიცი კლასის შესახებ?
  • კლასის რა მახასიათებლები უნდა გავითვალისწინო და რაზე უნდა მოვახდინო რეაგირება?
  • რისი გაკეთება მსურს ან როგორ უნდა წარვმართო გაკვეთილი (კომუნიკაცია, სოციალური ქცევა, დაძაბული ურთიერთობები და ა.შ.)?
  • როგორია კლასში შექმნილი ატმოსფერო (როგორ ვითარდება მოვლენები ჯგუფში, მეგობრობა მოსწავლეებს შორის, ინდიფერენტული მოსწავლეები და ა.შ. )?
  • რა პირობების შექმნაზე უნდა ვიზრუნო (მეტყველების სტილი, მოვალეობები, მოსწავლეების განლაგება, სოციალურ ურთიერთობათა წესები, რიტუალები, საზეიმო თავშეყრები, ოფიციალური ცერემონიები, წვეულებები და ა.შ.)?
  • რამდენი მოსწავლეა კლასში და როგორია კლასის სტრუქტურა (გოგონებისა და ვაჟების რაოდენობას შორის თანაფარდობის თვალსაზრისით, მრავალეროვნულობის თვალსაზრისით და ა.შ.)?

2 - სამუშაო ფურცელი 2: როგორ გამოვიყენოთ ჩვენი პროფესიული უნარები და ცოდნა

  • რა ზოგად გამოცდილებას, უნარებსა და ცოდნას ვფლობ?
  • რამდენად საკმარისია ჩემი ცოდნა შესწავლის საგანთან და მის შინაარსთან დაკავშირებით, სწავლის მიზნებთან, სწავლების შესაბამის მეთოდებთან და სწავლის პროცესთან დაკავშირებით?
  • რა სფეროებში ვისურვებდი ჩემი ცოდნის გაღრმავებასა და უნარების დახვეწას (ცოდნა, სწავლების მეთოდები, პროფესიული უნარები, პიროვნული მახასიათებლები, რეჟიმი და ა.შ.)?
  • ადამიანისათვის დამახასიათებელი რომელი თვისებაა ჩემთვის მთავარი და მამოძრავებელი, რომლითაც მე ვხელმძღვანელობ?
  • რომელ თეორიულ ჩარჩოებში ვაქცევ ჩემს მუშაობას მასწავლებლის რანგში, ან თეორიის რა გამარტივებულ ვარიანტს ვიყენებ პედაგოგიური მოღვაწეობისას?
  • როგორ აღვწერდი და დავახასიათებდი ჩემს ურთიერთობას მოსწავლეებთან?
  • სად გადის ჩემი პიროვნული ზღვარი, სამუშაო საათებთან, დაძაბულ ვითარებაში მუშაობასთან და ა.შ. დაკავშირებით? როგორ ვიყენებ ჩემს პირად სამუშაო შესაძლებლობებსა და უნარებს?
  • როგორ შევამსუბუქო სამუშაო დატვირთვა როგორც სამუშაოს, ასევე, განსახორციელებელი ქმედებების ორგანიზებითა და უკეთესი დაგეგმვით?
  • როგორ და რამდენად ეკონომიურად ვიყენებ დროს და როგორ ვუმკლავდები სტრესის გამომწვევ ფაქტორებს?

2 - სამუშაო ფურცელი 3: სწავლებისა და სწავლის ზოგადი პირობების გამოყენება

  • როგორ ვანაწილებ დროს დღის განმავლობაში, წლის განმავლობაში და, ასევე, ზოგადად, სწავლებისათვის განკუთვნილ დროს?
  • როგორ არის მოწყობილი საკლასო ოთახი?
  • როგორ არის აღჭურვილი სკოლა: ოთახების რაოდენობა და განსხვავებული მოწყობა, ხელმისაწვდომი მედიასაშუალებები, მასალა და ა.შ.?
  • რა ჩარჩოებია დადგენილი სკოლის კულტურის თვალსაზრისით (ერთობლივი პროექტები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის, ჯგუფური სამუშაო და ჯგუფური ვალდებულებები, თანამშრომლობა მშობლებთან, სპეციალისტები ან ექსპერტები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის და ა.შ.)?

2 - სამუშაო ფურცელი 4: როგორია ჩემი ძირითადი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ?

  • თანაგრძნობა (ემპათია), ერთგულება (გრძნობებზე, მოსაზრებებზე, შეხედულებებზე და საჭიროებებზე რეაგირება), კეთილგანწყობა (პიროვნებისადმი პატივისცემა არ არის დამოკიდებული გარემოებებზე), გულწრფელობა, სტაბილურობა, ნდობა
  • პატივისცემის გრძნობით განმსჭვალული ხელმძღვანელობა (ემოციური ერთგულება, ინდუქციური აზროვნება და განსჯა, ავტორიტეტული კონტროლი, სოციალური ინტეგრაციისა და დემოკრატიის დაცვა და ხელშეწყობა)
ურთიერთობა და კომუნიკაცია კლასში
  • ურთიერთგაგება
  • ადეკვატური ურთიერთობები
  • განათლების მიწოდება გენდერული თანასწორობის დაცვით
  • ახალი ნაცნობობის დამყარება
  • მეგობრობა
    • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
    • სხვათა შეხედულებებისა და მოსაზრებების გაზიარება
    • თვითაღქმა და აღქმა სხვათა მიერ
კონფლიქტის პრევენციის ატმოსფერო
  • სამართლიანი და მზრუნველი საზოგადოება, შემსწავლელთა საზოგადოება, საერთო პასუხისმგებლობები (მასწავლებლები და მოსწავლეები – როგორც ვაჟები, ასევე, გოგონები)
  • თანამშრომლობა, და არა კონკურენცია
    • სოციალური სწავლება
    • წესები და ჩვეულებები
    • მეტაკომუნიკაცია და მეტაურთიერთობა
    • შეზღუდვა და გაძლიერებული დაცვა
საგანმანათლებლო ღონისძიებები
  • საუბრები კონფლიქტის მოსაგვარებლად
  • „მრგვალი მაგიდა“
  • თამაშები
  • თანამშრომლობა, როგორც ქცევის კორექტირების საშუალება
  • რეაგირება ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით
  • ინდივიდუალური პასუხისმგებლობები
  • დასჯა
  • კლასში ან სკოლაში ჩაგვრისა და ძალადობის შემთხვევებთან გამკლავება

2 - სამუშაო ფურცელი 5: დისციპლინისა და წესრიგის განხილვა დემოკრატიული თვალსაზრისით

  • წესრიგი საჭიროა ყველა შემთხვევაში. ჯგუფი, რომელიც არ იცავს წესრიგს და არ გააჩნია საბაზისო წესები, ვერ იქნება დემოკრატიული.
  • შეზღუდვები აუცილებელია. წესები შესაძლებელია იყოს არამართლზომიერი და შეუსაბამო. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება მათი ჩანაცვლება, საჭიროა მათი დაცვა. თუმცა შესაძლებელი უნდა იყოს მათი შეცვლა.
  • დასაწყისიდანვე, მოსწავლეები უნდა მონაწილეობდნენ წესების შემუშავებასა და მათ დანერგვაში. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მოსწავლეებში წესების შესაბამისი პასუხისმგებლობისა და მიდგომის ჩამოყალიბება.
  • კლასის საზოგადოება ვერ იმუშავებს ურთიერთნდობისა და ურთიერთპატივისცემის გარეშე. რიგ შემთხვევებში, მსგავსი ატმოსფეროს შექმნა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
  • კლასში მოსწავლეებს შორის არსებული კონკურენცია ჩანაცვლებულ უნდა იქნას გუნდური სულისკვეთებით.
  • კლასში მოსწავლეებს შორის მეგობრულ განწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
  • მასწავლებლის მიერ დემონსტრირებულ სოციალურ უნარებს დიდი წვლილი შეაქვს (ხელმძღვანელის ფუნქციის შესრულება დემოკრატიის პრინციპების დაცვის საფუძველზე, მოსწავლეებში იმ განწყობის შექმნა, რომ ისინი ჯგუფის სრულფასოვან წევრებს წარმოადგენენ, ურთიერთობების დამყარება და ა.შ.).
  • კლასში, სადაც დემოკრატიული პრინციპებია დანერგილი, ჯგუფურ კომუნიკაციას მუდმივი ხასიათი აქვს.
  • მოსწავლეებს, როგორც ვაჟებს, ასევე გოგონებს, უნდა ჰქონდეთ სტიმული, გამოიკვლიონ რაღაც ახალი და ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე.
  • დადგენილი შეზღუდვები უნდა იძლეოდეს თავისუფლების უფლებით სარგებლობის საშუალებას. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გამომუშავება.
  • დისციპლინა და წესრიგი ენთუზიაზმითა და ხალისით იქნება მიღებული და დაცული იმ შემთხვევაში, თუ მისცემს პიროვნებას საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობას, თუ ხელს შეუწყობს ჯგუფის შიგნით დამაკმაყოფილებელი ურთიერთობების ჩამოყალიბება-გამყარებას და მუშაობისათვის შესაფერისი გარემოს შექმნას.

2 - სამუშაო ფურცელი 6: მასწავლებლის როლის გააზრება დემოკრატიული თვალსაზრისით

მასწავლებლები კლასში ხელმძღვანელის როლსაც უნდა ასრულებდნენ და ზედამხედველისასაც. სწორედ ეს წარმოადგენს მათ ფუნქციას. მასწავლებლები იღებენ გადაწყვეტილებას კლასში განსახორციელებელი სხვადასხვა ამოცანის შესახებ და, ამავე დროს, აკონტროლებენ მოსწავლეების ქმედებებსა და შექმნილ სიტუაციას. ის, რასაც მასწავლებლები არ უნდა აკონტროლებდნენ, არის მოსწავლეების აზროვნება და მათი პიროვნული განვითარების პროცესი. განსაკუთრებით, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისას, მასწავლებელი მაგალითის მიმცემია საკუთარი მოსწავლეებისათვის. როგორ უმკლავდება იგი კონფლიქტურ სიტუაციებს? რა ადამიანურ ღირებულებებს წარმოაჩენს იგი? ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ დაადგინოთ, როგორია თქვენი მიდგომა. მაგრამ ცხადია, რომ სიტუაციიდან, შექმნილი ვითარებიდან, საფრთხის არსებობისა და მოსწავლეთა ჯგუფის სპეციფიკიდან და ა.შ. გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ავტოკრატიული მიდგომის ან უფრო დემოკრატიული მიდგომის გამოყენება. ზოგადად, საჭიროა, გაითვალისწინოთ, რომ მასწავლებლის, როგორც  პიროვნების არქეტიპი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასწავლებლის მოსწავლეებთან ყოველდღიური მუშაობის პროცესზე.

სწავლის გარემო
ავტოკრატი  მე დემოკრატი
მმართველი
ხელმძღვანელი
მკაცრი ტონი მეტყველებისას
მეგობრული ტონი მეტყველებისას
განკარგულებების გაცემა
თავაზიანი მოთხოვნა
ძალაუფლება
გავლენა
ზეწოლა
შეთავაზება
მკაცრი მოთხოვნა დამორჩილებაზე
თანამშრომლობაზე დათანხმება
იძულება დავალების შესრულებაზე
იდეების შეთავაზება
კრიტიკული მიდგომა
გამხნევება
ხშირი დასჯა
ხშირი დახმარება
„მომისმინეთ!“
„მოდით ვისაუბროთ“
„მე ვიღებ გადაწყვეტილებას,
თქვენ ასრულებთ მას!“
„მე გთავაზობთ წინადადებას და გეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაში“
მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას
კლასზე
პასუხისმგებლობას ვიზიარებ
მოსწავლეებთან

 


2 - სამუშაო ფურცელი 7: როგორ შევქმნათ დემოკრატიული ატმოსფერო კლასში

თუ მასწავლებელი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ კლასში უფრო დემოკრატიული ატმოსფერო შექმნას, მისი ეს გადაწყვეტილება გაცილებით დიდ მიზანს ემსახურება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია იმ ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომლებიც კლასში დემოკრატიული ატმოსფეროს შექმნას ემსახურება.

  1. რომელ ეტაპზე ვარ თითოეულ ასპექტში?
  2. რომელს ასპექტზე შევაჩერებ ჩემს ყურადღებას ხვალ, მომავალ კვირას, მომავალ წელს?
  3. რას ვაკეთებ მე, როგორც მასწავლებელი იმისათვის, რომ სკოლამ, სწავლების თვალსაზრისით, სარგებელი ნახოს ჩემი მიღწევებით?
ახლო პერსპექტივა შუალედური პერსპექტივა სამომავლო პერსპექტივა
მასწავლებელი არ იყენებს ზედმეტად ავტორიტარულ გამოთქმებს მასწავლებელი იმუშავებს ისეთი გამოთქმების გამოყენების ჩვევას, რომელთა შეცვლაც და უკან წაღებაც შესაძლებელია ურთიერთგაგება მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის
მასწავლებელი მოსწავლეებს განუმარტავს, თუ რატომ შეარჩია მან ესა თუ ის საკითხი ან მასალა მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ალტერნატიულ საკითხებსა და შესასწავლ მასალას მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივად გეგმავენ გაკვეთილს
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს სწავლების მიზნებს მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს სწავლების ალტერნატიულ მიზნებს მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივად განსაზღვრავენ სწავლების მიზნებს
მასწავლებელი მოსწავლეებს განუმარტავს, თუ რატომ შეარჩია მან სწავლების ესა თუ ის მეთოდი მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს სწავლების ალტერნატიულ მეთოდებს მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივად არჩევენ  სწავლების მეთოდებს
მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებს მიცემული შეფასების მიზეზებს მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებს შეფასებასთან დაკავშირებულ დეტალებს მოსწავლეები მუშაობენ თვითშეფასებაზე
კონფლიქტის დემოკრატიულად მოგვარების მოდელების გაცნობა კონფლიქტების მოგვარებისას მასწავლებელი აღარ სარგებლობს საკუთარი ავტორიტეტითა და ძალაუფლებით კონფლიქტების მოგვარება თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საშუალებით
მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებს საკლასო გარემოში სამუშაოს ორგანიზების პრინციპებს მასწავლებელი ითვალისწინებს მოსწავლეების მიერ შემოთავაზებულ მოსაზრებებს, საკლასო გარემოში სამუშაოს ორგანიზების შესახებ მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ საკლასო გარემოში სამუშაოს ორგანიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში

 


2 - სამუშაო ფურცელი 8: სკოლის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების გზები

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება და დემოკრატიული ატმოსფეროს შექმნის გზების ძიება ვერ მოხერხდება იზოლირებულად, მხოლოდ საკლასო გარემოში, მისი სრულყოფილად განხორციელებისათვის საჭიროა სათანადო ღონისძიებების გატარება სკოლაშიც. ამ მიზნით, ყველაზე კომპეტენტურ ფიგურას წარმოადგენს სკოლის დირექტორი.

ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროში საჭირო მასალა შეიცავს ისეთ ინსტრუმენტს, როგორიცაა „სკოლის დემოკრატიული მმართველობა“, რომელიც გამოყოფს იმ ძირითად სფეროებს და გვთავაზობს იმ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებლად უნდა  გადაიდგას სკოლის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების გზაზე (იხილეთ, ასევე, წინამდებარე სახელმძღვანელო, ნაწილი 2, თავი 5, სამუშაო ფურცლები 15-დან 18-ის ჩათვლით).

ამ თვალსაზრისით, ოთხ ძირითად სფეროს წარმოადგენს:

  1. მმართველობა, ხელმძღვანელობა, მენეჯმენტი და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე
  2. ღირებულებებზე ორიენტირებული განათლება
  3. თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ჩართულობა; კონკურენტუნარიანობა და თვითგამორკვევა
  4. მოსწავლეების დისციპლინა
მმართველობა, ხელმძღვანელობა, მენეჯმენტი და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე

სკოლის ხელმძღვანელობა ანგარიშვალდებულია სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიმართ, როგორიცაა კანონმდებლები, სკოლების სამეურვეო საბჭოები, პროფესიული კავშირები, მოსწავლეები და მათი მშობლები, ისევე როგორც ადგილობრივი საზოგადოებები, რომლებიც სკოლის ხელმძღვანელობას გარკვეულ მოთხოვნებს უყენებენ. როგორ უნდა გაართვას თავი სკოლის ხელმძღვანელობამ ამ ვალდებულებას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს? სკოლის ორგანიზებისა და მართვის რა ფორმას იყენებს სკოლის ხელმძღვანელობა? კონსენსუსსა და ნდობას ემყარება, თუ ხელმძღვანელობის ქმედებებს უნდობლობა და მეტოქეობა განსაზღვრავს? როგორ არის გადანაწილებული პასუხისმგებლობები სკოლის შიგნით? როგორ ართმევს თავს სკოლის ხელმძღვანელობა სკოლაში არსებულ მრავალფეროვნებას? და როგორ ასრულებს სკოლა დაინტერესებულ მხარეთა წინაშე ანგარიშვალდებულებაზე აღებულ პასუხისმგებლობას?

ღირებულებებზე ორიენტირებული განათლება

როგორ ხდება სკოლაში, ფორმალურსა თუ არაფორმალურ კონტექსტში,  ისეთი ღირებულებების წარმოჩენა, როგორიცაა ადამიანის უფლებები და მრავალფეროვნების პატივისცემა? როგორ ხდება ღირებულებებისა და სოციალური უნარების, როგორც გლობალიზაციის პირობებში არსებულ თანამედროვე საზოგადოებებში მშვიდობიანი თანაარსებობის საწინდარის ხელშეწყობა? როგორ ხდება ამ ღირებულებათა მიწოდება მოსწავლეებისათვის?

თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ჩართულობა; კონკურენტუნარიანობა და თვითგამორკვევა

სკოლა არ წარმოადგენს ფართო საზოგადოებისაგან ან რეალური სამყაროსაგან მოწყვეტილ გარემოს. როგორია კომუნიკაცია სკოლის ფარგლებში დასკოლის ფარგლებს მიღმა? როგორია თანამშრომლობა სკოლის ფარგლებში და სკოლის ფარგლებს მიღმა? სკოლა წააგავს იზოლირებულ გარემოს, თუ მის ფარგლებში დანერგილი კომუნიკაციისა და ჩართულობის საშუალებით, შესაძლებელი ხდება  ფართო ასპარეზზე გასვლა? როგორ არის მისი მისია ფორმულირებული? რამდენად არის სკოლა მზად, გარე სამყაროსთან კომუნიკაციისას განახორციელოს დასახული მიზნები?

მოსწავლეების დისციპლინა

სკოლაში ბევრი ადამიანია დასაქმებული, რომელთაც ერთმანეთთან თანამშრომლობა უწევთ. რა საშუალებები უნდა იქნეს გამოყენებული დისციპლინისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად სკოლაში, რომელიც დემოკრატიული პრინციპებით არის მართული? რა აიძულებს მოსწავლეებს, დაექვემდებარონ დადგენილ წესებს და რა აიძულებთ მათ, დაარღვიონ ისინი ან იმოქმედონ მათ საწინააღმდეგოდ? სკოლაში, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება, წესების არარსებობა ან მოსწავლეების მიერ მათი უგულებელყოფა ქაოსს ხომ არ გამოიწვევს?