თქვენ კითხულობთ ტომს I
განათლება დემოკრატიისათვის

2. მიზნების დასახვასა და მასალების შერჩევასთან დაკავშირებული ამოცანა და ძირითადი კითხვები


2.1 ამოცანა

მასწავლებლები, რომლებიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ საქმეს,მუდმივად დგანან თავიანთი გადაწყვეტილებების მართებულობის დამტკიცების პრობლემის წინაშე. რამ განაპირობა ჩემ მიერ ამა თუ იმ მიზნის დასახვა თუ თემის შერჩევა?

სწავლების მიზნების განსაზღვრა და თემების შერჩევა სწავლებასთან დაკავშირებული პრინციპული გადაწყვეტილების მიღების ტოლფასია. არ შეიძლება მიზნების გადმოღება და მათი მორგება საკუთარ საჭიროებებზე, არც მათი დოგმატურად თავს მოხვევაა რეკომენდებული. ნაცვლად ამისა, საჭიროა მიზნების დეტალური შესწავლა, ისინი უნდა ეფუძნებოდეს საღ აზრს და უნდა იყოს დასაბუთებული. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა სწავლების მიზნები თავისი მოსწავლეების სწავლის პირობებს მოარგოს და მიუსადაგოს (იხილეთ თავი 1, სწავლებისა და სწავლის პირობები).

მას შემდეგ, რაც მიზნები უფრო ჩამოყალიბებულ და კონკრეტულ სახეს მიიღებს, საჭიროა, მათში ჩავრთოთ შინაარსობრივი ასპექტები. მაგრამ არა მანამდე, სანამ გარკვევით არ გვექნება განსაზღვრული, თუ რა დონეს უნდა მივაღწიოთ შესწავლის საგნის შინაარსთან დაკავშირებით, ანუ მოსწავლეებისათვის გასაცნობ თემასთან დაკავშირებით. გაძლევთ შერჩეული თემა თქვენ მიერ დასახული სწავლების მიზნების განხორციელების საშუალებას?

სწავლების დაგეგმვის პროცესში, შინაარსობრივ ასპექტებზე მუშაობა რთულია და, ამავე დროს, საკმაო დროსაც მოითხოვს. ერთი შეხედვით მცირე ძალისხმევა საკმარისად გვეჩვენება, ვინაიდან სასკოლო პროგრამები, ამასთან დაკავშირებით, გვაძლევს მკაფიო და გარკვეულ მიმართულებებს და სასწავლო საშუალებები დეტალურ ინფორმაციას აწვდის მასწავლებლებს. თუმცა ძირითად ამოცანაზე პასუხისმგებელი თავად მასწავლებელია: იგი ძირფესვიანად უნდა იყოს ინფორმირებული და საფუძვლიან ცოდნას ფლობდეს იმ სფეროში, რომლის სწავლებასაც გეგმავს, საჭიროა ამ სფეროს სტრუქტურის შედგენა, მისი დაწვრილებითი შესწავლა, ანალიზი, კრიტიკული თვალით შეფასება, თემებისა და სწავლების მიზნების გონივრული შერჩევა, საკუთარი გადაწყვეტილების განხილვა ფართო კონტექსტში, იმის შეფასება, თუ რამდენად იძლევა შერჩეული თემა  დასახული მიზნების მიღწევის საშუალებას და ა.შ. აღნიშნული ამოცანა უპირატესი მნიშვნელობისაა, ვინაიდან შესასწავლი თემების სპექტრი ძალიან ფართოა, მაშინ როცა სწავლების დაგეგმვისა და თავად სწავლების პროცესისათვის გამოყოფილი დრო – შეზღუდულია.

ქვემოთ მოცემული კითხვები და მათგან გამომდინარე გარკვეული ქვეკითხვები ემსახურება მასწავლებლის თვითკონტროლს და მიზნად ისახავს მასწავლებლების დახმარებას თემების შერჩევისა და მომზადების რთული პროცესისათვის თავის გართმევის საქმეში. რეკომენდებულია, თითოეულმა მასწავლებელმა ითანამშრომლოს სხვა მასწავლებლებთან და, შესაძლოა, მოსწავლეებთანაც.


2.2 ძირითადი კითხვები

მიზნების განსაზღვრისათვის:

  • რა მიზნების მიღწევა მსურს?
  • მოცემული თემის ამოწურვის შემდეგ, რა კომპეტენციები იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი?
  • რამ განაპირობა მოცემული კონკრეტული მიზნების დასახვა?
  • რა პრიორიტეტს ვანიჭებ ჩემ მიერ დასახულ მიზნებს (პირველადი მნიშვნელობის თუ მეორეხარისხოვანი)?
  • რა მიზნების მიღწევაა მოცემულ მომენტში მნიშვნელოვანი – მთლიანი კლასისათვის, ინდივიდუალურად მოსწავლეებისათვის, გოგონების და/ან ვაჟებისათვის?
  • დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ მიერ დასახული მიზნები ემსახურება ჩემი მოსწავლეების ძირითად ინტერესებსა და საჭიროებებს? ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი ესადაგება იმას, რაც ჩემს მოსწავლეებს ყველაზე მეტად აინტერესებთ?
  • შესაძლებელია მოსწავლეების ჩართვა სწავლების მიზნების განსაზღვრისა და შერჩევის პროცესში?
  • რა დრო (რამდენი გაკვეთილი, რამდენი კვირა) არის განსაზღვრული დასახული მიზნების მისაღწევად?
  • რა მიზნები უნდა იყოს მიღწეული ყველა მოსწავლის მიერ, სწავლებისათვის განსაზღვრულ დროში (მოსწრების ძირითადი სტანდარტი)?
  • საჭიროა თუ არა მოსწრების სპეციფიკური დონის განსაზღვრა ინდივიდუალური მოსწავლეებისათვის (სწავლება ინდივიდუალური შესაძლებლობის მიხედვით)?
  • ვაძლევ თუ არა მოსწავლეებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას, ანუ, შეუძლიათ თუ არა მათ საკუთარ თავში დაჯერებულად გამოიყენონ შეძენილი ცოდნა?
  • რაზე ვამახვილებ ყურადღებას სწავლებისას – შემეცნებით, პიროვნულ თუ სოციალურ კომპეტენციებზე?
  • მაქვს თუ არა ნათელი წარმოდგენა მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებზე, რომლებიც ჩემი მოსწავლეებისათვის, მოსწავლეთა ჯგუფებისათვის, ინდივიდუალური მოსწავლეებისათვის, გოგონებისა და ვაჟებისათვის უმთავრესი მნიშვნელობისაა?
  • ნათლად და გასაგებად განვმარტე მიზნები?

თემებისა და მასალის შერჩევისათვის:

  • რა თემა შევარჩიე?
  • რამ განაპირობა ჩემ მიერ მოცემული თემის შერჩევა?
  • როგორია ჩემ მიერ შერჩეული თემის სტრუქტურა?
  • ჩემ მიერ შერჩეული თემა ესადაგება სილაბუსს?
  • ჩემ მიერ შერჩეული თემის რა ასპექტები იქნება საინტერესო ჩემი მოსწავლეებისათვის?
  • რა მხრივ უკავშირდება მოცემულ თემაზე სკოლაში შეძენილი ცოდნა სკოლის გარეთ შეძენილ ცოდნას?
  • არსებობს კავშირი ჩემ მიერ შერჩეულ თემასა და რეალურ ცხოვრებასა თუ მოსწავლეთა გარემოს შორის?
  • კარგად მესმის იმ თემის საგანი, რომელიც მე შევარჩიე? როგორ შემიძლია ავიმაღლო ინფორმირებულობის დონე? მჭირდება გარკვეული კვლევის ან ექსპერიმენტის განხორციელება, ვიდრე მოცემულ თემას მოსწავლეებს გავაცნობ?
  • რა სასწავლო მასალაა ხელმისაწვდომი ჩემ მიერ შერჩეული თემის კონკრეტული ასპექტების შესახებ?
  • ჩემ მიერ შერჩეული თემა მისცემს მოსწავლეებს იმის საშუალებას, რომ მათ გამოიყენონ საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და უნარები გაკვეთილის მსვლელობისას (მაგალითად, მოსწავლეებმა, რომელთაც განსხვავებული კულტურული და ენობრივი წარმომავლობა გააჩნიათ)?
  • ჩემ მიერ შერჩეული თემა თანაბრად შესაფერისი იქნება როგორც გოგონების, ასევე, ვაჟების საჭიროებებისათვის?
  • შერჩეული თემა ჩემთვის საინტერესოა?

2 - სამუშაო ფურცელი 1: მოსწავლეთა კომპეტენციები დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროში

კომპეტენციათა სამი სფერო დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში

დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების მიზანს წარმოადგენს კომპეტენციათა განვითარება სამ სფეროში, რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და, აქედან გამომდინარე, არ უნდა განვიხილოთ ცალ-ცალკე.

 

პოლიტიკური ანალიზისა და აზროვნების კომპეტენცია

მიზანი პოლიტიკური მოვლენების, პრობლემებისა და სადავო საკითხების ანალიზის კომპეტენციისა და საკუთარი მოსაზრების საფუძვლების ახსნა-განმარტების უნარის განვითარებაა. სკოლას შესწევს უნარი, საკუთარი წვლილი შეიტანოს მოსწავლეების ამ კუთხით განვითარებაში, მოსწავლეების ხელშეწყობით, რათა მათ გამოიყენონ სტრუქტურული ანალიზის უნარი, საკითხის სიღრმისეული შესწავლის მიზნით.

ამ მიზნის მისაღწევად, საჭიროა, მოსწავლეები ფლობდნენ შემდეგ უნარებს:

  • პიროვნების ცხოვრებაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მნიშვნელობის შეცნობა;
  • პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა შედეგების გაანალიზება და განსჯა;
  • საკუთარი შეხედულებებისა და მოსაზრებების, ასევე, სხვათა შეხედულებებისა და მოსაზრებების გაანალიზება და გადმოცემა;
  • პოლიტიკის სამი განზომილების აღქმა და შეცნობა:
    ა) ინსტიტუციური განზომილება
    ბ) შინაარსზე დაფუძნებული განზომილება
    გ) პროცესზე ორიენტირებული განზომილება
  • პოლიტიკური პროცესების სხვადასხვა ფაზების ანალიზი და შეფასება მიკრო დონეზე (მაგალითად, სკოლის ცხოვრება), საშუალო დონეზე (მაგალითად, საზოგადოება) და მაკრო დონეზე (ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკა);
  • ფაქტების, პრობლემებისა და გადაწყვეტილებების წარმოდგენა ანალიტიკური კატეგორიების საშუალებით, ძირითადი ასპექტების გამოცნობა და მათი დაკავშირება ადამიანის უფლებათა და დემოკრატიულ სისტემათა ძირითად ღირებულებებთან;
  • აქტუალური სადავო საკითხების განხილვისას, სოციალური, სამართლებრივი, ეკონომიკური, ეკოლოგიური და საერთაშორისო გარემოებების, ინტერესთა სფეროების და მოვლენების ამოცნობა;
  • გაცნობიერება, თუ როგორ მიეწოდება საზოგადოებას პოლიტიკა მედიის მიერ.
მეთოდების გამოყენების კომპეტენცია

სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისათვის საკმარისი არ არის პოლიტიკური მოვლენების შინაარსის, სტრუქტურისა და პროცესების  მხოლოდ საფუძვლების ცოდნა, არამედ ასევე საჭიროა, ფლობდე ზოგად კომპეტენციებს, რომელთა შეძენაც შესაძლებელია სხვადასხვა სფეროში (როგორიცაა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ინფორმაციის მიღება და გაცემა, სტატისტიკა). დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების ფარგლებში საჭიროა მოსწავლეებში ხელი შევუწყოთ ისეთი კონკრეტული უნარების განვითარებას, როგორიცაა მოსაზრების დაცვა ან მის წინააღმდეგ გამოსვლა, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისათვის. მიზანი ამ უნარების გააქტიურებაა, იმ მეთოდების საშუალებით, რომლებიც ფართოდ გამოიყენება პოლიტიკური დისკურსის პირობებში (განხილვები, დებატები).

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, მოსწავლეები ფლობდნენ შემდეგ უნარებს:

  • მასმედიის ან ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, შერჩევის, დამუშავებისა და გადმოცემის უნარი,  კრიტიკული და კონცენტრირებული მიდგომის გამოყენებით (სტატისტიკის, რუკების, დიაგრამების, სქემების, კარიკატურების შეგროვება, დახარისხება, შეფასება);
  • მედიის შეფასება კრიტიკულად და საკუთარი მედიაპროდუქციის შექმნა;
  • ემპირიული მეთოდების ზოგადი გამოყენება (მაგალითად, გამოკითხვისა და ინტერვიუს წარმართვის ტექნიკა).
პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების კომპეტენცია

მიზანი, პოლიტიკურ კონტექსტში და საზოგადოების წინაშე, საკუთარი მოსაზრებების თავდაჯერებულად და ადეკვატურად წარდგენის კომპეტენციისა და თავდაჯერებული და ადეკვატური მოქმედების კომპეტენციის შეძენაა.

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, მოსწავლეები ფლობდნენ შემდეგ უნარებს:

  • საკუთარი მოსაზრების თავდაჯერებულად და ადეკვატურად  გახმოვანების უნარი და დიალოგის სხვადასხვა ფორმის შესწავლა;
  • საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და პოლიტიკური მოქმედების უნარი (ზეპირი მეტყველების უნარები, როგორიცაა საკუთარი შეხედულების ახსნა-განმარტება, მსჯელობა, დებატებში მონაწილეობა, დისკუსიაში წამყვანი როლის ამ მომრიგებლის როლის შესრულება; წერილობითი პრეზენტაციისა და ვიზუალიზაციის ტექნიკის ფლობა: პოსტერების, კედლის გაზეთების, შეხვედრათა ოქმების, ჟურნალ-გაზეთების რედაქტორებისათვის განკუთვნილი წერილების და ა.შ. შედგენა);
  • საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება, პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის, გუნდის შექმნისა და გუნდური მუშაობის კუთხით;
  • საკუთარი უფლებების დაცვა, მაგრამ, ამავდროულად, კომპრომისზე წასვლის უნარი;
  • დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული აზროვნებისა და ტენდენციების ამოცნობა და მათზე ადეკვატურად რეაგირების უნარი;
  • მრავალკულტურულ კონტექსტში ბუნებრივი ქცევის უნარი.

2 - სამუშაო ფურცელი 2: დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისათვის საჭირო მასალათა ორი კატეგორია

სწავლება და სწავლა მასალის გარეშე შეუძლებელია, ვინაიდან მასალა წარმოადგენს შესწავლის საგნის, თემის, ინფორმაციისა და მონაცემების მოწოდების საშუალებას. მოსწავლეები თავიანთ კომპეტენციებს მოქმედების საშუალებით ივითარებენ, რაც ნიშნავს რაიმე ობიექტზე ზემოქმედებას. სწავლების პროცესში ამგვარ მასალად, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრება სახელმძღვანელო ან მოსწავლეებისათვის დასარიგებელი სამუშაო ფურცლები, რაც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესში მართლაც მნიშვნელოვანია.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისათვის საჭირო მასალათა ორი კატეგორია

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სპეციფიკურ პროფილს უკავშირდება მასალისა და მედიის ფართო ცნება. სკოლის სახელმძღვანელოები და მოსწავლეებისათვის დასარიგებელი სამუშაო ფურცლები სწორედ ბეჭდვითი მედიის მაგალითებია. ინტერაქტიული კონსტრუქტივისტული სწავლის პროცესში, მასწავლებლები და მოსწავლეები ქმნიან სხვადასხვა კატეგორიის მასალას. ეს მასალა ავთენტურია, ვინაიდან  წარმოადგენს ადგილზე, განსაზღვრულ სიტუაციაში შექმნილ პირველწყაროს, რომელიც განკუთვნილია მოცემულ მომენტში, მოცემულ ადგილზე მყოფი ადამიანებისათვის. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში, მასწავლებლები და მოსწავლეები მხოლოდ მასალის მომხმარებლები კი არ არიან, არამედ მასალის შემქმნელებიც. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების წინამდებარე გამოცემაში შესული წიგნები, II-დან VI-ის ჩათვლით, ამ კატეგორიის მასალის უამრავ მაგალითს შეიცავს, რომელიც ძალიან ხშირად მოსწავლეების მიერ კონკრეტული დავალების შესრულების შედეგად ან კონკრეტული პროექტის ფარგლებში შექმნილ მასალას წარმოადგენს; წიგნებში მოცემულ თავებსა და გაკვეთილების აღწერაში ახსნილია ამგვარი დავალების შესრულების მნიშვნელობა მოსწავლეებისათვის, სწავლის პოტენციალის ამაღლების თვალსაზრისით.

სწავლის საჭიროებებისა და მასალების მატრიცა

ქვემოთ მოცემულ მატრიცაში, მასალათა ამ ორი კატეგორიის ტიპური მაგალითები – მედიის საშუალებით მოწოდებული და მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ შექმნილი – დაკავშირებულია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში კომპეტენციების განვითარების სხვადასხვა ასპექტთან. არ არის რეკომენდებული ერთი ტიპის მასალაზე კონცენტრირება, არამედ საჭიროა ინტეგრირებული მიდგომა. თუმცა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საშუალებით განხორციელებული სწავლება, მასწავლებლის მხრიდან, მოსწავლეების მიერ შექმნილი მასალისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას გულისხმობს.

კომპეტენციის განვითარების ასპექტი მედიის საშუალებით მოწოდებული მასალა სწავლის პროცესში შექმნილი მასალა
მასწავლებლის მიერ შექმნილი მასალა მოსწავლეების მიერ შექმნილი მასალა
მოსწავლეების განვითარების დონე (მსგავსი საშუალებები და მასალა, რა თქმა უნდა, არსებობს – მაგალითად, საბავშვო წიგნები და ფილმები – მაგრამ მასწავლებელი არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ მისი მოსწავლეები რამდენად იცნობენ მსგავს მედიას) კონცეფციები, გამოცდილება და ოჯახში და თანატოლებთან სოციალიზაციის პროცესები, სკოლაში და სკოლის გარეთ შეძენილი ინფორმაცია
თემის განსაზღვრა, გაკვეთილის ან თემის განხილვის დღის წესრიგის შემუშავება ბრეინშტორმინგი და დისკუსიებში მონაწილეობა
ინფორმაცია

აქტუალური ახალი ამბების რეპორტაჟები (ბეჭდვითი მედია, ტელევიზია, DVD, ინტერნეტი)

სასკოლო სახელმძღვანელო

ლექცია,

ძირითადი მასალის მიწოდება (როგორიცაა, ფლიპჩარტები, მარკერები, ფერადი ქაღალდები)

მოსწავლეების მიერ შესრულებული სამუშაო (როგორიცაა, მედიასაშუალებებში გაშუქებული გზავნილის დეკონსტრუქცია, შინაარსის გადმოცემა, საშინაო დავალება, პრეზენტაციები,
დისკუსიებსა და დებატებში მონაწილეობა, კომენტარები, კითხვები)
ანალიზი და მსჯელობა პოლიტიკური და სამეცნიერო საკითხები და სადავო საკითხები (მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები, სახელმძღვანელო)

ძირითად კონცეფციებთან დაკავშირებული ინსტრუქციები.

კრიტიკა, რომელიც მოითხოვს ინფორმაციის დეკონსტრუქციას

წვრთნა უნარებში მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები (ინსტრუქციები, რომლებიც ემსახურება უნარის გამომუშავებას) დემონსტრირება და წვრთნა რეაგირება
მონაწილეობა და მოქმედება სხდომის თავმჯდომარეობა

გამოცდილება.

კითხვები, კომენტარები, გაცნობიერება, ინტერესი

შეფასება

საგამოცდო ფურცლები.

კითხვარები.

პორტფოლიო.

დაკვირვება

თვითშეფასება.

რეაგირება.

სწავლის საჭიროებების გამოვლენა

 


2 - სამუშაო ფურცელი 3: დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისათვის საჭირო მასალის შერჩევა და გამოყენება

მედიასაშუალებების მიერ გაშუქებული მასალის შერჩევა

მასალის ფართო ცნება გულისხმობს, რომ მასალას არჩევენ როგორც მასწავლებლები, ასევე, მოსწავლეები. მოსწავლეები მასალას არჩევენ კონსტრუქტივისტული სწავლის პროცესში. ამჯერად ყურადღება გამახვილებულია მასწავლებლის როლზე, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე საჭირო მასალის შერჩევაში.

მედიასთან დაკავშირებული მასალის შერჩევის კრიტერიუმები
  • უტყუარობა: შესაძლებელია თუ არა ავტორის, წყაროსა და გამოცემის თარიღის გარკვევით იდენტიფიცირება? ტექსტი, მონაცემები და ა.შ. პირველწყაროდან არის აღებული? შეუძლიათ (საშუალო სკოლის) მოსწავლეებს, მიხვდნენ, რომ ტექსტში შეტანილია ცვლილებები, თუ მსგავსი ცვლილებების იგულისხმება  ორიგინალ ტექსტში?
  • შესაბამისობა: მასალა ესადაგება მოსწავლეების აღქმასა და კომპეტენციის განვითარების დონეს, და მათ გამოცდილებას მედიასაშუალებებით გაშუქებული გზავნილების დეკონსტრუქციის კუთხით? მასალა არ უნდა იყოს არც ძალიან რთული და არც ძალიან მარტივი; მასალის აღქმა მოსწავლეების მხრიდან ძალისხმევას უნდა გულისხმობდეს, რაც მოსწავლეების უნარების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას, აღქმისა და განსჯის უნარების დახვეწას ემსახურება.
  • მართებულობა: მასალა აკმაყოფილებს მოსწავლეების ინტერესს? ეხება მასალა ისეთ თემას ან საკითხს, რომელიც, მოსწავლეების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია? შეუძლიათ მოსწავლეებს მასალის შინაარსი დაუკავშირონ თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას?
  • ინდოქტრინაციის დაუშვებლობის ან პერსპექტივათა პლურალიზმის პრინციპი: გამოხატავს მასალა განსხვავებულ პერსპექტივებს? ხომ არ ემსახურება იგი მოსწავლეთა ინდოქტრინაციას – აზროვნების, განსჯის ან ინტერესთა ნებისმიერი კუთხით (იხილეთ წინამდებარე წიგნში შესული მასალა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელ მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის შესახებ)?
მოსწავლეების მიერ შექმნილი მასალა

მასწავლებელმა, გაკვეთილის დაწყებამდე ან გაკვეთილის დამთავრების შემდეგ, გულდასმით უნდა შეისწავლოს მოსწავლეების მიერ შესრულებული წერითი ან სახვითი სამუშაო და წინასწარ დაგეგმოს გასატარებელი ღონისძიებები.

მოსწავლეების მიერ ზეპირმეტყველებასთან დაკავშირებული დავალებების შესრულების დროს მასწავლებლის წინაშე გაცილებით რთული ამოცანა დგება, ვინაიდან მას უწევს სპონტანურად რეაგირება და ხშირად იმპროვიზებაც. იხილეთ წინამდებარე წიგნში შესული მასალა საერთო საკლასო დისკუსიის თავმჯდომარეობის შესახებ.