თქვენ კითხულობთ ტომს I
განათლება დემოკრატიისათვის

2. სწავლის პროცესის წარმართვასა და სწავლების ფორმების შერჩევასთან დაკავშირებული ამოცანა და ძირითადი კითხვები


2.1 ამოცანა

მოსწავლეებში სწავლის პროცესების ინიცირება და ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ამოცანას წარმოადგენს, მაგრამ, ამავდროულად, ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო ამოცანასაც!

თქვენი მოსაზრებები და იდეები სწავლის პროცესების შესახებ, სწავლის პროცესის დაგეგმვის ხერხემალს ქმნის.იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს საკმარისად ნათლად არა აქვს გაცნობიერებული, თუ სწავლის რა პროცესებია ჩართული მის (მასწავლებლის და/ან მასწავლებლისა და მოსწავლეების) მიერ დასახული სწავლის მიზნების მიღწევაში, შეუძლებელი იქნება სწავლების საშუალებების, სწავლების გარემოს, სწავლის აქტივობების, ამოცანებისა და მუშაობის მეთოდების სათანადოდ დაგეგმვა.

იმის განსაზღვრა და გაანალიზება, თუ ინდივიდუალური მოსწავლისათვის რა წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას და გზას სწავლის პროცესის წარმატებით გახორციელებაში, საკმაო დროს მოითხოვს და ხშირად რთულ ამოცანასაც წარმოადგენს. მაგრამ ის, ვინც საკმარის დროსა და ძალისხმევას  უთმობს ამ საკითხზე ფიქრს, ამასთან, განიხილავს მას საკუთარ მოსწავლეებთან და საბოლოოდ ახდენს საკუთარი გამოცდილების შეფასებასა და შეჯერებას, ამ სფეროში ექსპერტის ფუნქციას იძენს. სწავლის პროცესები კომპლექსურია და მათ წარმატებით გახორციელებასა და სრულყოფას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს.


2.2 ძირითადი კითხვები

  • სწავლის რომელი პროცესები დაეხმარება მოსწავლეებს სწავლის მიზნების მიღწევაში?
  • როგორ შემიძლია დავეხმარო მოსწავლეებს, რომ მათ სრულად შეითვისონ (აითვისონ), გაიგონ (დაამუშაონ) და დაიმახსოვრონ (შეინახონ) ახალი ინფორმაცია?
  • სწავლების მოცემული ფორმა ეხმარება მოსწავლეებს ახალი ამოცანისათვის თავის გართმევის პროცესში გამოიყენონ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ გაკვეთილის განმავლობაში შეიძინეს?
  • ჩემ მიერ დაგეგმილი სწავლის გარემო  და თანამიმდევრობა, პირველ რიგში, ემსახურება ინფორმაციის ათვისებას, დამუშავებასა და შენახვას, თუ  პრაქტიკულ გამოყენებას?
  • სწავლის პროცესების თანამიმდევრობის დაგეგმვისას, გათვალისწინებულია თუ არა მნიშვნელოვანი ასპექტები (სწავლის იდეალური პირობები)?
  • მოსწავლეებისათვის სწავლის პროცესის ძირითად მიზანს წარმოადგენს მნიშვნელობის ჩამოყალიბება, უნარების შეძენა თუ დამოკიდებულებების ჩამოყალიბება და ჩემ მიერ შერჩეული სწავლებისა და სწავლის ფორმები ემსახურება დასახული მიზნების მიღწევას?
    • მოქმედების საშუალებით (აქტიურობით, რაიმეს შექმნითა და ა. შ)?
    • აზროვნების საშუალებით (გონებრივი ექსპერიმენტების საშუალებით, ახალი აღქმის ჩამოყალიბებით)?
    • დაკვირვების საშუალებით?
    • ვერბალური სწავლების საშუალებით (ლექციები, მაგალითები და ა.შ.)?
    • ინსტრუქციების მიცემის, თანადგომისა და თანამშრომლობის საშუალებით?
    • დისკუსიებისა და დებატების საშუალებით?
    • წერილობითი დოკუმენტის შედგენის საშუალებით (მოხსენება, მოსწავლის დღიური და ა.შ.)?
    • მედიის საშუალებით?
    • კონკრეტული, რეალური ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან აღებული მოვლენების საშუალებით?
    • ექსპერიმენტის, გამოცდისა და შეცდომებზე სწავლის საშუალებით?

2 - სამუშაო ფურცელი 1: სწავლის პროცესის სამი ეტაპი

სწავლის ნებისმიერ პროცესში შეგვიძლია განვასხვაოთ სამი, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ეტაპი, რომელიც ერთმანეთს ავსებს.

 ინფორმაციის ათვისება

ათვისება

დაკვირვება, მხედველობით აღქმა, ყნოსვის ორგანოთი შეგრძნება, შეხება, გემოს გასინჯვა, სმენის ორგანოთი აღქმა, შეგრძნება, შეცნობა, შეხვედრა, მიახლოება, გამოცდა, აწონ-დაწონვა

შეკითხვები მოსწავლეების მიერ ინფორმაციის ათვისებასთან დაკავშირებით

ცოდნა, რომელსაც უკვე ფლობენ მოსწავლეები

როგორ შეიძლება მოსწავლეებმა გაააქტიურონ ის ცოდნა, რომელსაც უკვე ფლობენ?

კითხვების დასმა

შეუძლიათ მოსწავლეებს თავი გაართვან ამოცანას, კითხვების დასმის საშუალებით?

შეგრძნებები და აღქმა

შეუძლიათ მოსწავლეებს გამოიყენონ საკუთარი შეგრძნებებისა და აღქმის ორგანოები მათთვის მიწოდებული ახალი ინფორმაციის ათვისებაში?

მოსწავლეები სწავლობენ მხედველობის ორგანოს გამოყენებით, დაკვირვებით, აღქმით, სმენის ორგანოს გამოყენებით, მოსმენით, შეგრძნებით და ემოციებით, შეხებით, გასინჯვით, ყნოსვის ორგანოს გამოყენებით და ა.შ.?

ილუსტრირება (თემის შევსება თვალსაჩინოებებით)

გამოყენებულია ილუსტრაციები, მოდელები ან რეპროდუქციები?

ინფორმაციის დამუშავება და შენახვა

დამუშავება და შენახვა

გამოკვლევა, პრობლემების გადაჭრა, გაცნობიერება, არსში ჩაწვდომა, ათვისება, დასწავლა, დამახსოვრება, გამეორება, ჩვევაში გადაზრდა

 

კითხვები ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის შესახებ

სტრუქტურა

შინაარსი აწყობილია თუ არა ისე, რომ სწავლის წინა ეტაპები ხელს უწყობს შემდგომ ეტაპებს?

დაკავშირება

შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს, ახალი ინფორმაცია დაუკავშირონ იმ ცოდნას, რომელსაც უკვე ფლობენ?

მოსწრების დონე

ამოცანა შესაფერისია ცალ-ცალკე ინდივიდუალური მოსწავლისათვის – როგორც ვაჟებისათვის, ასევე, გოგონებისათვის – არის თუ არა საპასუხისმგებლო და დაკავშირებულია თუ არა იგი გარკვეული სირთულის დაძლევასთან, მაგრამ, ამავე დროს, არის მოსწავლეებისათვის გასაგები?

არსში ჩაწვდომა და გაგება

მოსწავლეებისათვის მიცემული დავალება და სწავლის გარემო ხელს უწყობს იმ ცოდნის გაღრმავებას, რომელიც მათ შეიძინეს?

ჩანაწერები

აწარმოებენ მოსწავლეები საკუთარი შედეგების შესახებ ჩანაწერებს (მოხსენება, პოსტერი, შენიშვნები, ნახატები, დიაგრამები, ესკიზები და ა.შ.)?

პრაქტიკა

ეძლევათ თუ არა მოსწავლეებს შესაძლებლობა და საშუალება, ახლად შეძენილი ცოდნა და უნარები პრაქტიკულად გამოიყენონ სხვადასხვა კონტექსტში?

ინტენსივობა

ეძლევათ თუ არა მოსწავლეებს საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად აითვისონ და დაამუშაონ ახალი ინფორმაცია და ამგვარად შეიძინონ გამოცდილება?

საკმარის დროს ვუთმობთ თუ არა შესწავლის საგანს, რათა მოსწავლეებმა მოახერხონ მისი სიღრმისეული შესწავლა?

ინფორმაციის გამოყენება

გამოყენება

გამოყენება, მოქნილი მიდგომა, გამოცდა, ახალ ამოცანებთან მისადაგება, თავდაჯერებულობა, ხელმისაწვდომობა, მოქმედება

 

სწავლა ყოველთვის უნდა მოიცავდეს შეძენილი ცოდნისა და უნარების გამოყენების შესაძლებლობებს – რათა ადგილი არ ჰქონდეს მსგავს შეფასებებს, როგორიცაა, „ვისწავლეთ, მაგრამ უკვე დაგვავიწყდა“ ან „ვიცით, მაგრამ არ გვესმის“, „გუშინ ვისწავლეთ, დღეს აღარ გვახსოვს“, ან „ვისწავლეთ, მაგრამ არ გამოგვიყენებია“.

კითხვები ინფორმაციის გამოყენების შესახებ

გამოყენებადობა

აცნობიერებენ თუ არა მოსწავლეები მათ მიერ შესწავლილი მასალის მნიშვნელობას?

პროდუქტიულობის გამოცდილება (მოტივაცია)

ჰქონდათ მოსწავლეებს საშუალება, საკუთარი გამოცდილებით დაედგინათ კავშირი მათ მიერ გაწეულ ძალისხმევასა და მიღწეულ პროგრესს შორის, სწავლის თვალსაზრისით? აცნობიერებენ თუ არა მოსწავლეები, რომ ისინი თავად არიან პასუხისმგებელნი საკუთარი ცოდნის გაღრმავებაზე და უნარების განვითარებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ, სწავლის მხრივ, მათი მიღწევები მათსავე ძალისხმევაზეა დამოკიდებული?

კონტროლი

მიმდინარეობს შედეგებისა და დასკვნების განხილვა და მათზე მსჯელობა?

სწავლის შემდეგ საფეხურზე გაგრძელება

სწავლის საფეხური, რომელიც მოსწავლეებმა დაასრულეს, აღვივებს თუ არა მათში ინტერესს და აძლევს თუ არა მათ სტიმულს, გააგრძელონ სწავლა შემდეგ საფეხურზე? არიან თუ არა მოსწავლეები ჩართულნი სწავლის პროცესში ემოციურად?

გამოყენება

ეძლევათ თუ არა მოსწავლეებს, როგორც ვაჟებს, ასევე, გოგონებს, შესაძლებლობის ფართო სპექტრი, რათა გამოიყენონ ის ცოდნა, რომელიც მათ შეიძინეს? იციან თუ არა მოსწავლეებმა, როგორ გამოიყენონ ის უნარები, რომლებიც სწავლის პროცესში შეიძინეს და არსებობს თუ არა ზღვარი, მათ ხელთ არსებული ცოდნისა და შეძენილი უნარების გამოყენების თვალსაზრისით?


2 - სამუშაო ფურცელი 2: რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ სწავლება, ანუ „სწავლება ≠ სწავლა“ და „სწავლა ≠ რეალურ ცხოვრებაში გამოყენება“

მასწავლებლები, რომლებსაც ტრადიციული პედაგოგიური განათლება აქვთ მიღებული, იმაზე მეტ დატვირთვას ანიჭებენ ზეპირი ინსტრუქციების მიცემას, ვიდრე ეს რეალურად სჭირდებათ მათ მოსწავლეებს – „სწავლება ნიშნავს სწავლას“. ეს მიდგომა განსაკუთრებით დომინირებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საშუალო დონეზე, სადაც მასწავლებლები, ხშირად, ინფორმაციით დატვირთული სასწავლო პროგრამებისათვის თავის გართმევაზე არიან ორიენტირებულნი. ამგვარად, ისინი ირჩევენ მეთოდს, რომელსაც უფრო სწრაფ და ეფექტურ მეთოდად მიიჩნევენ – მასწავლებელი კითხულობს ლექციას, მოსწავლეები უსმენენ და ამ დროს ისტორიის მასწავლებელმა შესაძლოა იფიქროს: „მე-20 საუკუნის შესწავლა დავასრულეთ.“

მაგრამ სწავლობენ კი მოსწავლეები ლექციის მოსმენით? და ყველა მათგანმა ისწავლა ის, რაც მასწავლებელს სურდა მათთვის ესწავლებინა?

„სწავლება ≠ სწავლა“

კონსტრუქტივისტული მიდგომით, პასუხი ამ კითხვაზე უარყოფითია. „სწავლება ≠ სწავლა“. სწავლა ინდივიდუალური პროცესია. მოსწავლეები თავად ქმნიან საკუთარი ცოდნის სისტემას. ცოდნას, რომელსაც უკვე ფლობენ და ცნებებს, რომელიც მათთვის გასაგებია, უკავშირებენ ახალ ინფორმაციას, იყენებენ კონცეფციებს, ქმნიან იდეებს, განიხილავენ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე და ა.შ. ის, რასაც ისინი ეძებენ შესწავლილ მასალაში, არის მნიშვნელობა და ლოგიკა; განსაზღვრავენ, რა არის საჭირო და დროული და რისი დამახსოვრება ღირს და რისი – არა და, შესაბამისად, შესაძლებელია დაივიწყონ.

მოსწავლეები, რა თქმა უნდა, უშვებენ შეცდომებს.

მასწავლებელი, რომელიც 30 მოსწავლისაგან შემდგარი აუდიტორიის წინაშე ლექციას კითხულობს, უნდა აცნობიერებდეს, რომ მოსწავლეთა გონებაში მის მიერ გადაცემული ინფორმაციის 30 განსხვავებული ვერსია იბადება და ყალიბდება მნიშვნელობათა სისტემად – შემეცნებით სტრუქტურებად, როგორც მას გამოჩენილმა ფსიქოლოგმა და პროფესორმა ჯერომ ბრუნერმა უწოდა.

მაგრამ სწავლა არ გულისხმობს მხოლოდ მნიშვნელობის კონსტრუქციის შექმნას, არამედ, ასევე, ცდომილების დეკონსტრუქციას. მოსწავლეებს, მაგალითად, შესაძლოა ჰქონდეთ ასეთი წარმოდგენა, რომ ღამე დგება იმიტომ, რომ მზე ჩადის, ვინაიდან ეს არის ის, რასაც ისინი ხედავენ. რა თქმა უნდა, მასწავლებელი უნდა შეეცადოს მოსწავლეებში ამგვარი აზროვნების ფორმის შეცვლას. მოსწავლის თვალთახედვით, ამგვარი დეკონსტრუქცია რთული პროცესია და, ხანდახან, არც თუ სასიამოვნო ძალისხმევას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, მასწავლებლის მიერ წაკითხული ლექცია შესაძლებელია შეიცავდეს ახალ ინფორმაციას ერთი მოსწავლისათვის მაშინ, როცა მეორე მოსწავლე აანალიზებს, რომ მცდარ წარმოდგენას ფლობს და გამოსწორება სჭირდება.

აქედან გამომდინარე, კონსტრუქტივისტული მიდგომა გულისხმობს, რომ ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს ლოგიკისა და აზროვნების ცდომილებები და ინფორმაციის არასწორი აღქმა, და ეს არ უნდა მივიჩნიოთ გამონაკლისად – არა მხოლოდ ჩვენი მოსწავლეების გონებაში, არამედ ჩვენს საკუთარ გონებაშიც – ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

ჩვენი კოგნიტური სტრუქტურები უფრო რთულია და, შესაბამისად, არ დაიყვანება მხოლოდ ძველი ცოდნისა და წარმოდგენების ახალი ცოდნითა და წარმოდგენებით ჩანაცვლების დონეზე, ახალი ცოდნისა, რომელსაც მასწავლებელი გადასცემს მოსწავლეებს ვერბალური გზით. ეს გაცილებით უფრო ხანგრძლივი პროცესია, რომლის დროსაც ურთიერთგამომრიცხავი და საპირისპირო იდეები და ცნებები ერთმანეთს ავსებენ – ხოლო დეკონსტრუქციის წარმოება მხოლოდ მოსწავლეებს შეუძლიათ, და არა მასწავლებელს.

„სწავლა ≠ რეალურ ცხოვრებაში გამოყენება“

მასწავლებლები, რომლებიც ცდილობენ მოსწავლეების შეცდომების გასწორებას, აღმოაჩენენ, რომ ვერბალური საშუალებით ახსნა მათთვის, თუ რა არის „სწორი“, ხშირად საკმარისი არ არის. ისინი შემდეგ პრობლემებს აწყდებიან:

  • მოსწავლეები ხშირად მასწავლებელს არ „უსმენენ“: როგორ გავუმკლავდე პრობლემას, როდესაც, მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს ვასწავლი სწორ ფაქტებს, კონცეფციებს და ა.შ. ისინი არ ცვლიან თავიანთ მცდარ წარმოდგენებს?
  • „მოსწავლეები სწავლობენ, როგორც თუთიყუშები“: როგორ გავუმკლავდე პრობლემას, როდესაც, სკოლაში მიღებული ცოდნის მიუხედავად, მოსწავლეები კვლავ ავლენენ გულუბრყვილო აზროვნებას – მათ შორის, უშვებენ შეცდომებს ლოგიკურ აზროვნებაში, მოსაზრებებს აყალიბებენ მცდარი ინფორმაციისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მიღებული გამოცდილებების საფუძველზე – და არ ცდილობენ სკოლაში მიღებული ცოდნის გაერთიანებას იმ წარმოდგენებთან, რომლებსაც ისინი ფლობენ? ისინი სკოლაში მიღებულ ინფორმაციას მხოლოდ იმისათვის იმახსოვრებენ „თუთიყუშებივით“, რომ გამოცდა ჩააბარონ და შემდეგ ივიწყებენ.

ეს პრობლემა ყველა მასწავლებლისთვისაა ცნობილი. მათ დასაძლევად მხოლოდ კონსტრუქტივისტული სწავლებაც არ არის საკმარისი. მოსწავლეებმა პრაქტიკულად უნდა გამოიყენონ ის, რასაც სწავლობენ. მასწავლებლისათვის ეს ნიშნავს, მაგალითად:

  • არც ერთი ლექცია არ ჩავატაროთ მოსწავლეებისათვის შესაბამისი დავალების მიცემის გარეშე;
  • მოვუსმინოთ მოსწავლეების მოსაზრებებს, მაგალითად, მათ პრეზენტაციებს, რათა შევაფასოთ მათი სწავლის პროცესი და მიღწევები;
  • მოსწავლეებს დავაკისროთ პასუხისმგებლობა საკუთარი ცოდნისა და უნარების განვითარებაზე, მაგალითად, ამოცანაზე დაფუძნებული სწავლის პირობების შექმნით;
  • მოვუსმინოთ მოსწავლეების კომენტარებს და შეჯამებებს: მაგალითად, ის, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, არის…. მე უკეთესად ვსწავლობ, როცა….

მასწავლებლის მოვალეობაა, რომ მოსწავლეებისათვის  შექმნას სწავლის შესაბამისი შესაძლებლობები და პირობები და შეაფასოს და მოსწავლეებთან ერთად განიხილოს, რა უწყობს ხელს სწავლის პროცესს და რა – არა. კონსტრუქტივისტულ სწავლას, მათ შორის, დეკონსტრუქციას, და მოსწავლეებისათვის შემდგომი ამოცანების დასახვას დრო სჭირდება. ამისათვის, მასწავლებელმა, შესაძლებელია მოსწავლეებთან ერთად, უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი იმის შესახებ, თუ რა თემაზე ღირს მეტი დროის გამოყოფა. „ვაკეთოთ ცოტა, მაგრამ ხარისხიანად“.


2 - ფურცელი 3: სწავლებისა და სწავლის ადეკვატური ფორმების შერჩევა

სწავლების კონკრეტული ფორმის შერჩევისას, მასწავლებელი იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იყოს ორგანიზებული სწავლებისა და სწავლის გარემო და რა თანამიმდევრობით უნდა გახორციელდეს ეს პროცესი. აქვე წამოიჭრება კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ სწავლების, სწავლისა და სოციალური ურთიერთობის რა განსხვავებული ფორმები უნდა იქნეს ჩართული და ერთმანეთთან შერწყმული, როგორ უნდა განისაზღვროს სწავლის ეტაპებისათვის გამოყოფილი დრო და რა მასალა უნდა იყოს შერჩეული და გამოყენებული მოსწავლეებისათვის მისაწოდებლად. ქვემოთ მოყვანილი კითხვები განკუთვნილია მასწავლებლებისათვის ამგვარი შერჩევისა და ძიების პროცესში დასახმარებლად:

  • სწავლების რა ფორმები შეუწყობს ხელს სწავლის დაგეგმილ პროცესს?
  • სოციალურ ურთიერთობათა რა ფორმებს ვირჩევ?
  • რა სტრუქტურასა და რიტმს ვირჩევ მოცემული კურსისათვის?
  • რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს, მონაწილეობა მიიღონ გაკვეთილის დაგეგმვასა და სწავლების ფორმის შერჩევაში?
  • გარეშე ფაქტორებისა და გარემოებების გათვალისწინებით, სწავლების რა ფორმებია ხელმისაწვდომი და ტექნიკურად შესაძლებელი?
  • სწავლების რომელი მეთოდები და სტილია ჩემთვის ხელსაყრელი, ვინაიდან მე ეს უკეთესად გამომდის?
  • კიდევ რისი გაკეთება შემიძლია ჩემს მოსწავლეებთან ერთად, სწავლისათვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად?
  • სწავლების ჩემ მიერ შერჩეული მეთოდი თანაბრად აკმაყოფილებს როგორც გოგონების, ასევე, ვაჟების მოთხოვნილებებს?
  • ჩემ მიერ დაგეგმილი გაკვეთილი იძლევა კლასში თანამშრომლობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის საშუალებას?
  • საკლასო ოთახში არის გამოყოფილი თავისუფალი ადგილები ან კუთხეები, სადაც მოსწავლეები და მოსწავლეთა ჯგუფები შეძლებენ, განმარტოვდნენ?
  • საკლასო ოთახი ყოველთვის საუკეთესო გარემოს წარმოადგენს სწავლისათვის? ხომ არ არის საჭირო საკლასო ოთახის შეცვლა ან მისი სხვაგვარად მოწყობა? სკოლაში არის ოთახები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება განსაკუთრებულ შემთხვევებში? რამდენად სასარგებლო იქნება ექსკურსიები და ადგილზე ჩატარებული კვლევები?
  • რა დოზით ვაძლევ თავისუფლებას ჩემს მოსწავლეებს; როგორ ვაფასებ მე მათ უნარებს?
  • ყველა მოსწავლემ ერთი, წინასწარ განსაზღვრული გზით უნდა ისწავლოს? ჩემი მიდგომა ითვალისწინებს ინდივიდუალურ მოსწავლეებს და არის ის საკმაოდ მოქნილი იმისათვის, რომ სწავლის განსხვავებული საჭიროებები, ტემპი და უნარები დააკმაყოფილოს?
  • შესაძლებელია მოსწავლეებს შევთავაზო რამდენიმე ალტერნატივა, რათა მათ თავად შეარჩიონ პროცედურები, რომლებიც მათთვის უფრო საინტერესოა?
  • როგორი იქნება მათი საშინაო დავალება?
  • სოციალურ ურთიერთობათა რა ფორმებია მისაღები, სწავლის გარემოს, მიზნების, შინაარსისა და სწავლის პროცესების გათვალისწინებით (ინდივიდუალური სამუშაო, წყვილებში მუშაობა, მცირე ან დიდ ჯგუფებში მუშაობა)?

2 - სამუშაო ფურცელი 4: სწავლებისა და სწავლის ხუთი ძირითადი ფორმა

სწავლებისა და სწავლის ხუთი ფორმა წარმოადგენს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობის საუკეთესო ფორმის ხუთ გარემოს.

ამ მიდგომათაგან თითოეული მოითხოვს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმას.

აღნიშნული მოდგომები ჩამოყალიბებულია სქემის სახით და იწყება კლასიკური, მასწავლებელზე ორიენტირებული სამუშაოთი (სწავლება პრეზენტაციის საშუალებით), რის შემდეგაც წარმოდგენილია სულ უფრო და უფრო მოსწავლეზე ორიენტირებული ფორმები.

ჩვენ არ გთავაზობთ მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლების ფორმის სრულიად ჩანაცვლებას მოსწავლეზე ორიენტირებული ფორმებით. ნაცვლად ამისა, ჩვენი მტკიცებით, ამ ფორმათა ერთმანეთთან შერწყმა საკმაოდ პროდუქტიულია დასაწყის ეტაპზე, რის შემდეგაც, საბოლოოდ, მოსწავლეზე უფრო მეტად ორიენტირებული სწავლებისა და სწავლის ფორმებზე უნდა გადახვიდეთ.

ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სამუშაო მასწავლებლის მხრიდან ნაკლებ ძალისხმევას გულისხმობს. თუმცა, რეალურად, ეს ასე არ არის. მასწავლებლის როლი იცვლება, რაც დეტალურად იქნება ახსნილი შემდგომში, მასწავლებელი კლასში აქტიური მოღვაწეობიდან უნდა გადაერთოს ისეთ სამუშაოზე, როგორიცაა გაკვეთილის წინასწარი მომზადება და გულდასმით დაგეგმვა, მოსწავლეების დახმარება და ზედამხედველობა, რაც მის როლს კი არ აკნინებს, არამედ, პირიქით, ზრდის.

მოსწავლეები, რომლებმაც საჭიროა, ისწავლონ ის, თუ როგორ უნდა ისწავლონ, სათანადო დახმარებას საჭიროებენ მასწავლებლების მხრიდან, ყველა საგანში. ამ მასშტაბის პროექტი ჩავარდნისათვის იქნება განწირული, თუ მას მხოლოდ ადგილობრივი, ერთ იზოლირებულ კუნძულზე განხორციელებული პროექტის სახე ექნება, მაშინ როცა ყველა დანარჩენ ადგილას მხოლოდ ერთფეროვანი, პრეზენტაციის საშუალებით განხორციელებული სწავლების პრაქტიკა გაგრძელდება, სადაც მოსწავლეებს ასათვისებელი მასალის მხოლოდ გაზუთხვა და გაზეპირება ევალებათ.

სწავლებისა და სწავლის ძირითადი ფორმებია:

  • სწავლება პრეზენტაციის საშუალებით;
  • ზედამხედველობის ქვეშ, კვლევის საშუალებით განხორციელებული სწავლა (საკლასო განხილვა);
  • დამოუკიდებელი და ინტერესით განპირობებული სწავლა;
  • ინდივიდუალური სწავლება;
  • სწავლა პროექტის ფარგლებში.
სწავლებისა და სწავლის ფორმა

მოქმედება

ტიპური მახასიათებლები

სწავლება პრეზენტაციის საშუალებით თხრობა, ლექცია, კითხვა კლასში, მოხსენება, განმარტება, ჩვენება, მონიტორზე გამოფენა, მაგალითით სწავლება, დემონსტრირება

– მე (მასწავლებელს) შემიძლია საგანი პირდაპირ ვასწავლო, კლასში არსებული სიტუაციის მიხედვით, ამით მომენტალურად ჩანს  მოსწავლეთა რეაქციები.

– ყველა მოსწავლემ უნდა შეძლოს მიზნის მიღწევა, ერთსა და იმავე დროში, ერთსა და იმავე გარემოში, ერთი და იმავე მეთოდითა და საშუალებებით სწავლების პირობებში.

– შესწავლის საგანი წინასწარ არის განსაზღვრული და შემდგომ გადაეცემა  მოსწავლეებს.

ზედამხედველობის ქვეშ, კვლევის საშუალებით გახორციელებული სწავლა (საკლასო განხილვა) დიალოგი, კითხვები, წახალისება, სტიმული, მიმართულების მიცემა, დახმარება –  ახსნა-განმარტებათა გაცვლა-გამოცვლა, მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეების წახალისება და მოსწავლეთა წვლილი სწავლის პროცესში.
დამოუკიდებელი და ინტერესით განპირობებული სწავლა

მასწავლებელი: რჩევა, შუამავლობა, დახმარება

მოსწავლეები: შერჩევა, დაგეგმვა, კითხვების დასმა, აღმოჩენა, კვლევა, ესკიზების კეთება, დიზაინის შექმნა, ანალიზი, აზროვნება, შემოწმება, კონტროლი

– მოსწავლეებს ეძლევათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.

–  პრიორიტეტი ენიჭება მოსწავლეების ინტერესებს, საჭიროებებსა და ინიციატივებს.

–  სწავლის გარემო ხელს უწყობს და ახალისებს მოსწავლეთა აქტივობებს (სივრცის მოქნილი განლაგება, სასწავლო მასალის მრავალფეროვნება, ექსპერიმენტებისათვის გამოყოფილი კუთხე, ნახატები და ა. შ.)

–  სწავლის მოქნილი გარემო, რომელიც იცვლება საჭიროებებისა და სურვილისამებრ.

–  თემებისა და მასალების მრავალფეროვნება, რომლიდანაც მოსწავლეები არჩევენ მათთვის საინტერესო თემასა და მასალას.

–  მოიცავს არა მარტო საკლასო ოთახში წარმოებულ სწავლის პროცესებს.

–  აქტივობების თავისუფალი არჩევანი.

–  ინდივიდუალური სამუშაო, ან წყვილებში და ჯგუფებში მუშაობა.

–  სწავლებისა და სწავლის ამგვარი ფორმა მოსწავლეებს უვითარებს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარს, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარს, კვლევის, მყისიერი გადაწყვეტილების მიღების უნარს და კონტექსტზე ორიენტირების უნარს.

ინდივიდუალური სწავლება

მასწავლებელი: დიაგნოსტირება, მიმართულების მიცემა, ინსტრუქციის მიცემა, დახმარება, რჩევა, ინფორმაციის მიწოდება, კონტროლი, ზედამხედველობა, მოტივაციის გაღვივება

მოსწავლეები: შერჩევა, სამუშაო პროგრამის მოდიფიცირება და შექმნა, კითხვა, მიღწევები, გამეორება და შეფასება

– სწავლებისა და სწავლის გარემო მორგებულია მოსწავლეთა საჭიროებებზე (რომელსაც განაპირობებს ის ცოდნა, უნარები (უნარები და ნიჭი), რომელიც მოსწავლეებს გააჩნიათ, მათი ინტერესები, სოციალური წარმომავლობა და ოჯახური პირობები და ა.შ.).

–  სწავლის პროცესში, ინდივიდუალური მოსწავლის საჭიროებების და უნარების გათვალისწინებით, ყველა ელემენტის, მათ შორის აღჭურვილობის, მიზნების, პროცედურების, მეთოდების, დროის, საშუალებების და დახმარების ფორმების (მრავალგანზომილებიანი სპეციფიკაცია) ოპტიმალური კორექტირება.

–  დიდაქტიკური ხასიათის მასალა, მედიასაშუალებები (კომპიუტერი, სასწავლო პროგრამები, ვიდეოკლიპები, დიაგრამები, მოდელები, სურათები, სახელმძღვანელოები და ა.შ.).

– ინდივიდუალური სწავლა ხელს უწყობს სწავლის პროცესის ეფექტურობის ამაღლებას, დროისა და ძალისხმევის დაზოგვას, სისტემურ მიდგომას, მოსწავლეებში დამოუკიდებელი აზროვნებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას.

სწავლა პროექტის ფარგლებში მასწავლებელი: შუამავალი, დაკვირვება, რჩევის მიცემა, სტიმულის მიცემა, დახმარება, ორგანიზება, კოორდინირება
მოსწავლეები: მიზნების დასახვა, თანამშრომლობა, დაგეგმვა, განხილვა, შეთანხმება ერთმანეთში, მონაცემთა და ინფორმაციის შეგროვება, კითხვების დასმა, გამოყენება, სწავლა, ექსპერიმენტები, გამოცდა, მოდიფიცირება, შექმნა, შემოქმედებითობა, კონტროლი, შეფასება

მასწავლებელი: შუამავალი, დაკვირვება, რჩევის მიცემა, სტიმულის მიცემა, დახმარება, ორგანიზება, კოორდინირება

მოსწავლეები: მიზნების დასახვა, თანამშრომლობა, დაგეგმვა, განხილვა, შეთანხმება ერთმანეთში, მონაცემთა და ინფორმაციის შეგროვება, კითხვების დასმა, გამოყენება, სწავლა, ექსპერიმენტები, გამოცდა, მოდიფიცირება, შექმნა, შემოქმედებითობა, კონტროლი, შეფასება