თქვენ კითხულობთ ტომს IV
მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში
მასალა მასწავლებლებისთვის 3ა: ოთხი ძირითადი პოლიტიკური ხედვა
ლიბერალური ხედვა: ინდივიდუალური თავისუფლება უპირველეს ყოვლისა
- ძირითადი პრინციპები: პირადი თავისუფლება და პასუხისმგებლობა.
- ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების დაცვა.
- თავისუფალი ვაჭრობა და კონკურენცია, როგორც პროგრესის, მოდერნიზაციისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მამოძრავებელი ძალა.
- კაპიტალიზმი საუკეთესოდ მოქმედებს კონტროლის გარეშე.
- ძლიერი მაგრამ კანონის უზენაესობის პრინციპით მართული სახელმწიფო.
- უხვი სოცუზრუნველყოფა ადამიანებს სიზარმაცისკენ უბიძგებს.
- ადამიანის მიერ გაღებული ძალისხმევა და მისი წარმატება თავის შედეგს – მოგებას იძლევა – არ არის საჭირო მაღალი საშემოსავლო გადასახადი და მაღალი გადასახადი მოგებაზე.
ლოზუნგი: „არ არსებობს თავისუფლება რისკის გარეშე“.
სოციალ–დემოკრატიული ხედვა: თანასწორობა უპირველეს ყოვლისა
- ძირითადი პრინციპები: თანასწორობა, სოლიდარობა, სოციალური უსაფრთხოება.
- სუსტების, ღარიბებისა და ნაკლებ პრივილეგირებულთა დაცვა.
- კონტროლის გარეშე კაპიტალიზმი აღრმავებს სოციალურ უთანასწორობას. კაპიტალიზმს ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ საჭიროა მისი შედეგების კონტროლი და კორექტირება პოლიტიკური საშუალებებით.
- გვჭირდება სოციალური უსაფრთხოების სისტემა, რომელიც იზრუნებს ჩვენს ოჯახებზე, ინვალიდებზე, ავადმყოფებზე, მოხუცებზე, უმუშევრებსა და ღარიბებზე.
- სოლიდარობა ნიშნავს ძლიერის მიერ სუსტისთვის დახმარების გაწევას.
ლოზუნგი: „ძალა ერთობაშია“
კონსერვატიული ხედვა: უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა
- ძირითადი პრინციპები: უსაფრთხოება და სტაბილურობა.
- ძლიერი სახელმწიფო არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა დაცული იქნება საფრთხისგან და საშიშროებისგან.
- სახელმწიფოს ძლიერებას განაპირობებს თანამედროვე ძლიერი ეკონომიკა.
- უნდა ვეცადოთ თავიდან ავირიდოთ სოციალური უთანასწორობის გაღრმავება.
- ოჯახი განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს.
- მოქალაქემ სახელმწიფოს დახმარებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიმართოს, თუ მას არ შესწევს ძალა, თავად გაუმკლავდეს მის წინ მდგარ პრობლემებს.
ლოზუნგი: „ძლიერი ეკონომიკა – ძლიერი სახელმწიფო“
მწვანეთა ხედვა: გარემოს დაცვა უპირველეს ყოვლისა
- ძირითადი პრინციპები: ბუნებრივი გარემოს დაცვა, პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე.
- ჩვენი დღევანდელი ცხოვრების სტილი – ეკონომიკის ზრდასა და წიაღისეული საწვავის მოხმარებაზე ორიენტირებული, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს.
- საჭიროა საერთაშორისო შეთანხმებები, რათა გარემოს დაცვა გლობალურ დონეზე განხორციელდეს.
- ჩვენ პასუხისმგებელი ვართ მომავალი თაობისა და მთლიანად ჩვენი პლანეტის წინაშე.
- ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ მცირე ცვლილებებსაც კი დიდი სხვაობის მოტანა შეუძლია.
ლოზუნგი: „ფული არ იჭმევა“