თქვენ კითხულობთ ტომს VI
დემოკრატიის სწავლება

თავი 5 – სამართლიანობის აღსრულება

V6_P47&96

წინასიტყვაობა

სურათზე ნაჩვენებია ბიჭი და გოგო საქანელაზე. საყრდენი, რომელიც საქანელას იკავებს, ცენტრში არ არის, შესაბამისად, გოგონას მხარე ბიჭის მხარეზე მძიმეა. გოგონა წამყვან ფუნქციას ასრულებს და, როგორც ჩანს, ეს მოსწონს. ბიჭი, სახეზე არც თუ ისე ბედნიერი გამომეტყველებით, ამაოდ ცდილობს მიწაზე დაშვებას. მსგავსი სიტუაცია ხშირად კამათითა და კონფლიქტითაც კი სრულდება. საყრდენი ამ შემთხვევაში წარმოადგენს კანონის სიმბოლოს.

სურათი შეიძლება სხვადასხვანაირად იქნეს აღქმული და საინტერესო კითხვებს ბადებს. ბიჭისა და გოგონას შესაძლებლობები, მოცემულ სიტუაციაში, არათანაბარია, რომელიც სქესთა შორის თანასწორობის საკითხს უკავშირდება. თითქოს არაორდინალურია, რომ გოგონას „პრივილეგირებული“ პოზიცია უკავია. ალბათ იგი ცდილობს, მოხერხებულობით აჯობოს პარტნიორს და ატყუებს მას, რაც კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა; ან სარგებლობს კანონით მინიჭებული უპირატესობით, რომელიც წარსულში ქალთა დისკრიმინაციის კომპენსაციას ემსახურება. ამრიგად, ეს სამართლიანი თამაშია? თანასწორობა ყოველთვის გულისხმობს სამართლიანობას? ვისი უფლებებია დაცული კანონით? ირღვევა ვინმეს უფლებები? – და ვის მიერ?

საყრდენის სახით წარმოდგენილი პარაგრაფის (§) სიმბოლო შემდგომ კითხვებს ბადებს. ვინ დაადგინა ამ თამაშის წესები? კანონის ოფიციალური სიმბოლო სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობაზე მიგვანიშნებს. სახელმწიფო შეიძლება შედგებოდეს ინსტიტუციებისაგან, რომლებიც ძალაუფლებას ინაწილებენ და ახორციელებენ ერთმანეთის კონტროლს, კონტროლისა და ბალანსის სისტემის ფარგლებში – პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო. სახელმწიფოს შეიძლება სათავეში ედგას კეთილმოსურნე ან დესპოტი თვითმპყრობელი. კანონებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მათი საშუალებით ადამიანის უფლებები სამოქალაქო უფლებების ფორმით მიეწოდება სახელმწიფოს მოქალაქეებს. კანონები იცავს ადამიანის უფლებებს, მათი დარღვევის შემთხვევაში. თუმცა, როგორც სურათზეა ნაჩვენები, რიგ შემთხვევაში ადამიანის უფლებებს არღვევს არა მოქალაქე, არამედ თვითონ უსამართლო კანონი.

ამასთანავე, კანონი უნდა ადგენდეს ინდივიდუალური მოქალაქეების უფლებათა ბალანსს და ზღვარს აწესებდეს ინდივიდუალური პირის მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობაზე, რათა დაიცვას სხვა მოქალაქეების უფლებები.

მოცემულ თავში შესული სავარჯიშოები უკავშირდება სამართლიანობასა და სამართალს. მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ სამართლიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების თვალსაზრისით.


წაიკითხეთ გვერდზე

სავარჯიშო 5.1. – ეს უსამართლოა
სავარჯიშო 5.2. – გამონაკლისი
სავარჯიშო 5.3. – ასაწყობი სურათი
სავარჯიშო 5.4. – კანონის დანიშნულება
სავარჯიშო 5.5. – სამართლიანობის სხვადასხვაგვარი აღქმა