თქვენ კითხულობთ ტომს I
განათლება დემოკრატიისათვის

1. პოლიტიკა, დემოკრატია და დემოკრატიული მმართველობა სკოლებში

დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა მოქალაქეების წახალისება და მათი შესაძლებლობებით აღჭურვა, რათა მონაწილეობა მიიღონ იმ საზოგადოების ცხოვრებაში, რომელსაც ეკუთვნიან. დემოკრატიული მოქალაქეობის მიზანი უკავშირდება დემოკრატიისა და პოლიტიკის ცნებებს. სკოლის დემოკრატიული მმართველობა გადამწყვეტ როლს ასრულებს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში, ვინაიდან იგი მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობებს, ისწავლონ, თუ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, წინამდებარე თავში ყურადღება გამახვილებულია სწორედ ამ სამ ცნებაზე, ვინაიდან ეს სამი ცნება უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების სწავლებაში, იმ პერსპექტივით, რა პერსპექტივითაც არის განხილული იგი წინამდებარე სახელმძღვანელოში.


1.1 პოლიტიკა

1.1.1 პოლიტიკა – ძალაუფლების დემონსტრირება და პრობლემის გადაჭრა

გაზეთების მკითხველები და ტელემაყურებლები აღმოაჩენენ, რომ პოლიტიკის შესახებ გაკეთებული მედიარეპორტაჟები ქვემოთ მოყვანილი ორი კატეგორიიდან ერთ-ერთს მიეკუთვნება:

  • პოლიტიკოსები უპირისპირდებიან თავიანთ ოპონენტებს. რითაც მათ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ თავიანთი პოლიტიკური მეტოქეების პატიოსნება, ან თანამდებობრივი უფლებამოსილების სათანადოდ გახორციელებისა და კონკრეტული პრობლემის გადაჭრის უნარი. პოლიტიკის აღქმა ამ კუთხით – როგორც „ბინძური საქმისა“ – აიძულებს ზოგიერთ ადამიანს, ზურგი აქციოს პოლიტიკას.
  • პოლიტიკოსები მსჯელობენ მათი ქვეყნის ან ქვეყნების წინაშე მდგარი რთული პრობლემის გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე.

პოლიტიკურ მოვლენათა განვითარების მოცემული ორი კატეგორია შეესაბამება მაქს ვებერის კლასიკურ განმარტებას, რომლის თანახმადაც:

  • პოლიტიკა არის სწრაფვა და ბრძოლა ძალაუფლებისათვის. ძალაუფლების გარეშე ვერც ერთი პოლიტიკური მოთამაშე ვერ შეძლებს, მიაღწიოს რაიმეს. დემოკრატიულ სისტემებში პოლიტიკური მოთამაშეები ერთმანეთს ეჯიბრებიან საზოგადოების უმრავლესობის მოწონებისა და მხარდაჭერის მოპოვებისათვის. აქედან გამომდინარე, თამაშის წესები გულისხმობს პოლიტიკურ ოპონენტზე შეტევის გახორციელებას, მაგალითად, საარჩევნო კამპანიის დროს, ამომრჩეველთა გადაბირებისა და პარტიაში ახალი წევრების მოზიდვის მიზნით.
  • პოლიტიკა შეიძლება შევადაროთ „სქელი ფიცრის ბურღვის ნელ და მტკიცე პროცესს, როგორც ენთუზიაზმით, ასევე, გათვლების სისწორით“4. ეს მეტაფორა აღნიშნავს პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის მცდელობას. ასეთი პრობლემების გადაუჭრელობა დაუშვებელია, ვინაიდან ისინი საკმაოდ მწვავეა, მთელ საზოგადოებაზე ახდენს გავლენას და, აქედან გამომდინარე, კომპლექსური და რთული ხასიათისაა. პოლიტიკა წარმოადგენს ჭეშმარიტად პრაქტიკულ და მართებულ სფეროს, ხოლო დისკუსიის შედეგი აუცილებლად უნდა იყოს გადაწყვეტილება.

აქედან გამომდინარე, პოლიტიკა, დემოკრატიულ გარემოში, პოლიტიკური მოთამაშეებისაგან მოითხოვს სხვადასხვა როლის შესრულებას, რომელთა გაიგივებაც შეუძლებელია. ძალაუფლებისათვის ბრძოლას სჭირდება ქარიზმატული ფიგურა, რომელიც ფლობს რიტორიკას და რთული საკითხების მარტივ ენაზე გადმოცემის უნარს. აქტუალური რთული პრობლემისა და მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას კი სჭირდება მეცნიერული გამოცდილების მქონე, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე პატიოსანი პიროვნება.

1.1.2 პოლიტიკა დემოკრატიის პირობებში – საპასუხისმგებლო ამოცანა

რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს წარმოდგენაში ჩნდებიან პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ ამ როლებისათვის საჭირო ურთიერთგამომრიცხავ სტანდარტებს. არსებობს კარგად ცნობილი მაგალითები ლიდერებისა, რომლებიც ამ ორი როლის ბრწყინვალე შემსრულებლებად გვევლინებიან. ამათგან, ერთნი პოლიტიკას სცენად აქცევენ, ხოლო მეორენი – სალექციო დარბაზად. პირველი კატეგორია, როგორც წესი, არჩევნებში გამარჯვებული გამოდის, მაგრამ საზოგადოებისათვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს; მეორე კატეგორიას საზოგადოებისათვის სარგებლის მომტანი იდეები გააჩნია, მაგრამ მათ უჭირთ მხარდამჭერთა მოპოვება.

თუმცა აღნიშნული დილემის წინაშე დგანან არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერები და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე პირები, არამედ ყოველი მოქალაქე, რომელსაც გააჩნია სურვილი, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკაში. საზოგადოებაში გამოსვლისას, წარმოსათქმელი სიტყვისათვის განკუთვნილი დრო, როგორც წესი, შეზღუდულია და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას მხოლოდ ის გამომსვლელი ახერხებს, რომლის გზავნილიც ნათელი და მარტივი გასაგებია. მასწავლებლებისათვის ცნობილია, რომ გასაოცარი კავშირი არსებობს საზოგადოებაში კომუნიკაციასა და სკოლაში კომუნიკაციას შორის – დროის რესურსების სიმწირე, აზრის ნათლად და მარტივად გამოთქმის საჭიროება და, ამავე დროს, სირთულეებთან გამკლავების უნარი.

ადამიანის უფლებებით სარგებლობა – როგორიცაა აზრისა და სიტყვის თავისუფლება, არჩევნებში მონაწილეობა – აქედან გამომდინარე, საპასუხისმგებლო ამოცანას წარმოადგენს არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერისათვის, არამედ ყველა მოქალაქისათვის.  დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების საშუალებით, ახალგაზრდები გადიან წვრთნას სხვადასხვა კომპეტენციის გამომუშავებისათვის და იღებენ იმ სტიმულს, რომელიც მათ სჭირდებათ, რათა მონაწილეობა მიიღონ საჯარო დებატებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მოსწავლეები, როგორც სკოლის საზოგადოების წევრები, სწავლობენ, თუ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებაში, რომელსაც საფუძვლად უდევს დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა.

1.1.3 პოლიტიკური ციკლის მოდელი: პოლიტიკა, როგორც საზოგადოებაში არსებული პრობლემის გადაჭრის პროცესი

პოლიტიკური ციკლის მოდელი წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც ხორციელდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესების აღწერა და აღქმა; ამგვარად, მასში, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკის მაქს ვებერისეული  განმარტების ერთ ასპექტზე „სქელი ფიცრის ბურღვის ნელი და მტკიცე პროცესი“..

პოლიტიკა აღიქმება, როგორც პოლიტიკური პრობლემის განსაზღვრის პროცესი, დღის წესრიგის დადგენის რთული პროცესის ფონზე, ამასთან, როგორც პოლიტიკური პრობლემის განსაზღვრის პროცესში, ასევე, დღის წესრიგიდან სხვა საკითხების ამოღების პროცესში, ძალაუფლების მნიშვნელოვანი ელემენტია ჩართული. პოლიტიკური ციკლის მოცემული მოდელი წარმოადგენს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეტაპების თანამიმდევრობის იდეალურ აღწერას: დებატები, გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების განხორციელება. იმ პირთა და ჯგუფების პოლიტიკური მოსაზრება და რეაქცია, რომელთა ინტერესიც დევს ამ გადაწყვეტილებაში, არის მაჩვენებელი იმისა, ემსახურება თუ არა მიღებული გადაწყვეტილებები მათ მიზანს და იქნება თუ არა იგი მათი მხრიდან მიღებული და მოწონებული. უმცირესობებისაგან ან ჯგუფებისაგან, რომლებიც არ ფლობენ საკმარის ძალებს, რომ დაიცვან საკუთარი ინტერესები და რომელთა მოსაზრებების გათვალისწინებაც არ მოხდა, უნდა ველოდოთ პროტესტსა და კრიტიკას. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემის გადაჭრის მცდელობა წარმატებით დასრულდება (ან განმარტებული იქნება, როგორც წარმატებული), პოლიტიკური ციკლი სრულდება (პოლიტიკური პროცესის დასასრული); იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, ციკლი თავიდან იწყება. ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი პრობლემის გადაჭრა სათავეს უდებს სხვა ახალ პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც წარმოებულ უნდა იქნას ახალი პოლიტიკური ციკლის საშუალებით.

პოლიტიკური ციკლის მოდელში წარმოჩენილია, დემოკრატიულ სისტემებსა და სკოლების დემოკრატიულ მმართველობაში,  პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესის მნიშვნელოვანი ასპექტები:

  • არსებობს პოლიტიკური პრობლემებისა და საყოველთაო კეთილდღეობის ევრისტიკული ცნება; არავის შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, რა არის საყოველთაო კეთილდღეობა. პროცესში მონაწილე მხარეებმა, ჯგუფებმა და ინდივიდუალურმა პირებმა თავად უნდა განსაზღვრონ, რა იქნება საყოველთაოდ მისაღები და, ჩვეულებრივ, უწევთ შეთანხმდნენ კომპრომისზე.
  • მოსალოდნელია კონკურენცია დღის წესრიგის განსაზღვრისას; პლურალისტურ საზოგადოებებში პოლიტიკური მოსაზრებები ხშირად უკავშირდება ინტერესებს.
  • სოციალურ რეალობაში მონაწილეობა არ არის სრულყოფილი, ვინაიდან გარკვეულ პირებსა და ჯგუფებს სისტემატურად ნაკლები წვდომა აქვთ ძალაუფლებასთან და გადაწყვეტილების მიღების პროცესთან და, აქედან გამომდინარე, საჭიროა, ყურადღება გამახვილდეს ნაკლები ძალაუფლების მქონე ჯგუფებისათვის პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობების გაფართოებაზე.
  • პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს კოლექტიური სწავლის პროცესს, სადაც არ არიან წარმოდგენილნი ყოვლისმცოდნე მოთამაშეები (როგორიცაა ლიდერები ან მხსნელის იდეოლოგიის მატარებელი მხარეები). იგი მოიცავს საყოველთაო კეთილდღეობის კონსტრუქტივისტულ ცნებას: საყოველთაო კეთილდღეობას წარმოადგენს ის, რაც მოცემულ მომენტში უმრავლესობის მიერ არის მიჩნეული ასეთად.
  • ძლიერი გავლენით სარგებლობს საზოგადოებრივი აზრი და მედიარეპორტაჟები – მოქალაქეებისათვის და დაინტერესებული ჯგუფებისათვის პროცესებში ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობის თვალსაზრისით.

პოლიტიკური ციკლი არის მოდელი, რომელიც იმავე ფუნქციას ასრულებს, რომელსაც გეოგრაფიაში – რუკა. იგი ბევრ რამეს გვიჩვენებს, ლოგიკური აღქმის პროცესს უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ მოდელები ხშირად გამოიყენება როგორც განათლებაში, ასევე, მეცნიერებაში, მოდელების გარეშე ჩვენ ჩვენივე კომპლექსური სამყაროს შესახებ ძალიან ცოტა გვეცოდინებოდა.

ჩვენ კარგად ვიცით განსხვავება რუკასა და იმ რეალურ ადგილმდებარეობას შორის, რომელსაც ეს რუკა აღწერს – რუკა ბევრის მაჩვენებელია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მასში ბევრი რამ არ არის შესული. რუკა, რომელშიც ზედმიწევნით ყველაფერი იქნება დატანილი, ძალიან რთული იქნება აღსაქმელად. იგივე შეიძლება ითქვას მოდელებზე, როგორიცაა პოლიტიკური ციკლის მოდელი. მოდელი რეალობაში არ უნდა ავურიოთ. მოდელში ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე– „სქელი ფიცრის ბურღვის ნელ და მტკიცე პროცესზე“ – მაგრამ ნაკლებად არის წარმოდგენილი პოლიტიკის მეორე განზომილება, სწრაფვა და ბრძოლა ძალაუფლებისა და გავლენის მოსაპოვებლად.

დემოკრატიულ სისტემაში პოლიტიკის ორი განზომილება ერთმანეთთან არის დაკავშირებული: პირები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, ეჭიდებიან რთულ პრობლემებს და, ამავდროულად, უპირისპირდებიან ერთმანეთს, როგორც პოლიტიკური ოპონენტები. პოლიტიკური ციკლის მოდელში დღის წესრიგის დადგენის ეტაპი გვიჩვენებს, თუ როგორ ერწყმის ეს ორი განზომილება ერთმანეთს. დღის წესრიგში პოლიტიკური პრობლემისთვის პრიორიტეტული ადგილის მოპოვება ძალაუფლებისა და გავლენის დემონსტრირებას მოითხოვს.

მაგალითისთვის ავიღოთ: ერთი ჯგუფი აცხადებს – „გადასახადები ძალიან მაღალია და აფრთხობს ინვესტორებს“, მეორე ჯგუფი ამტკიცებს – „გადასახადები ძალიან დაბალია და ბიუჯეტი სათანადოდ ვერ აფინანსებს განათლებასა და სოცუზრუნველყოფას“. გადასახადების პრობლემის ეს ორივე განმარტება მოიცავს განსხვავებულ ინტერესებსა და პოლიტიკურ თვალთახედვას და პრობლემიდან ორი ესაძლო გამოსავალი, რომელსაც ეს ორი ჯგუფი მოითხოვს, ერთმანეთს ეწინააღმდეგება: შევამციროთ გადასახადები მაღალშემოსავლიან ადამიანთა ჯგუფისთვის, თუ გავზარდოთ. პრობლემისადმი პირველი მიდგომა ნეოლიბერალურია, მეორე – სოციალ–დემოკრატიული.

მოქალაქეები კარგად უნდა ერკვეოდნენ ორივე მიდგომის არსში. პოლიტიკური ციკლის მოდელი არის საშუალება, რომელიც მოქალაქეებს ეხმარება, გააანალიზონ და განსაჯონ პოლიტიკოსთა ძალისხმევა, რომელიც მიმართულია საზოგადოებისთვის პრობლემური საკითხების მოგვარებისკენ.

4. მაქს ვებერი, Politik als Beruf [პოლიტიკა,როგორც მოწოდება და ხელობა], შტუდგარტი, 1997 წ. გვ. 82, ციტატა თარგმნილია პიტერ კრაფის მიერ.


1.2 დემოკრატია

1.2.1 ძირითადი პრინციპები

აბრაამ ლინკოლნის ცნობილი გამოთქმის მიხედვით (1863 წელი), დემოკრატია არის „ხალხის მიერ ხალხის სასიკეთოდ გახორციელებული ხალხის ძალაუფლება“; მოცემული სამი განზომილება შესაძლებელია გაგებულ იქნას შემდეგნაირად:

  • ხალხის ძალაუფლება: ხალხი წარმოადგენს სუვერენულ ძალაუფლებას, რომელიც ფლობს ძალაუფლებას, ან გასცემს მანდატს ძალაუფლების განსახორციელებლად და ნებისმიერი პირი, რომელიც ხელისუფლების სათავეებში იმყოფება, პასუხისმგებელია ხალხის წინაშე;
  • ხალხის მიერ განხორციელებული ძალაუფლება: ძალაუფლება ხორციელდება ან არჩეული წარმომადგენლების მიერ, ან უშუალოდ მოქალაქეების მიერ;
  • ხალხის სასიკეთოდ განხორციელებული ძალაუფლება: ძალაუფლების განხორციელება ემსახურება ხალხის ინტერესებს, რაც საყოველთაო კეთილდღეობაში მდგომარეობს.

მოცემული განმარტებები სხვადასხვაგვარად გაგებისა და დაკავშირების საშუალებას იძლევა. ჟან-ჟაკ რუსოს მიმდევარი პოლიტიკური მოაზროვნეები ამტკიცებენ, რომ ძალაუფლება უნდა ხორციელდებოდეს უშუალოდ მოქალაქეების მიერ (სადაც მმართველი და მართული ერთსა და იმავე პირს წარმოადგენს). ხალხი იღებს გადაწყვეტილებას ყველაფრის შესახებ და არ იზღუდება რაიმე სახის კანონით. ჯონ ლოკის მიმდევარი პოლიტიკური მოაზროვნეები ყურადღებას ამახვილებენ განსხვავებულ ინტერესთა შორის კონკურენციაზე პლურალისტურ საზოგადოებაში; კონსტიტუციურ ჩარჩოებში ისინი შესაძლებელია შეთანხმდნენ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობას ემსახურება.

არა აქვს მნიშვნელობა, დემოკრატიის რამდენწლიანი ტრადიცია აქვს ქვეყანას, ან როგორ ჩამოყალიბდა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ შეიძლება მისი უგულებელყოფა. ყველა ქვეყანაში დემოკრატია და ადამიანის უფლებების ძირითადი გაგება მუდმივად განვითარების სტადიაში უნდა იმყოფებოდეს, რათა მისი საშუალებით შესაძლებელი იყოს იმ სირთულეების დაძლევა და იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომლის წინაშეც დგება ყოველი მომდევნო თაობა. ყოველ მომდევნო თაობას სჭირდება განათლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა სფეროში.

1.2.2 დემოკრატია, როგორც პოლიტიკური სისტემა

თანამედროვე კონსტიტუციურ სახელმწიფოთა დემოკრატიის ძირითად ელემენტებს შეადგენს:

  • კონსტიტუცია, ძირითადად,წერილობითი ფორმით არსებული, რომელიც ქმნის დემოკრატიის ინსტიტუციურ ჩარჩოებს, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში იცავს დამოუკიდებელი უმაღლესი სასამართლო; ადამიანის უფლებები, ჩვეულებრივ, არა ყველა უფლება, დაცულია კონსტიტუციით, ისევე, როგორც სამოქალაქო უფლებები;
  • ადამიანის უფლებები შედის კონსტიტუციაში და გარდაიქმნება  კონსტიტუციით გარანტირებულ სამოქალაქო უფლებებად. ადამიანის უფლებათა კონვენციაზე ხელისმომწერი ქვეყნების მთავრობები ვალდებული არიან, დაიცვან ადამიანის ყველა ის უფლება, რომელიც მათი ქვეყნის მიერ რატიფიცირებულ დოკუმენტშია შესული, და არა მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც მათ კონსტიტუციაშია წარმოდგენილი;
  • თანაბარი სამართლებრივი სტატუსი ყველა მოქალაქისათვის: ყველა მოქალაქე თანაბრად არის დაცული კანონით, დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპის შესაბამისად და ვალდებულია, შეასრულოს კანონით გათვალისწინებული, მასზე დაკისრებული მოვალეობები.
  • საყოველთაო საარჩევნო უფლება: რომელიც როგორც მამრობითი, ასევე, მდედრობითი სქესის წარმომადგენელ ზრდასრულ მოქალაქეებს აძლევს უფლებას, ხმა მისცეს მისთვის სასურველ პარტიასა და/ან კანდიდატს საპარლამენტო არჩევნების დროს. გარდა ამისა, ზოგიერთი სისტემა გულისხმობს რეფერენდუმებისა და პლებისციტების გამართვას, რომელიც მოქალაქეებს აძლევს უფლებას, გარკვეული საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა, ხმის მიცემის საშუალებით;
  • მოქალაქეები სარგებლობენ ადამიანის უფლებებით, რაც  მათ პროცესებში  სხვადასხვა გზით მონაწილეობის საშუალებას აძლევს.  ეს უფლებები მოიცავს მედიის თავისუფლებას ცენზურისა და სახელმწიფო კონტროლისაგან, აზრის, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლებას და  თავისუფალი მოქმედების უფლებას, რომლითაც სარგებლობენ უმცირესობები და პოლიტიკური ოპოზიცია.
  • პლურალიზმი და ინტერესთა და პოლიტიკურ მიზნებს შორის კონკურენცია: ინდივიდუალურ მოქალაქეებსა და ჯგუფებს შეუძლიათ შექმნან პარტიები ან საინიციატივო ჯგუფები (ლობისტთა ჯგუფები), არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. ან გაერთიანდნენ პარტიებში ან საინიციატივო ჯგუფებში (ლობისტთა ჯგუფებში) ან არასამთავრობო ორგანიზაციებში და ა.შ., საკუთარი ინტერესების დასაცავად და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ინტერესთა წინა პლანზე წამოწევის თვალსაზრისით, არსებობს კონკურენცია, ხოლო ამ ინტერესთა დაცვის თვალსაზრისით – ძალაუფლებისა და შესაძლებლობების არათანაბარი გადანაწილება;
  • პარლამენტი: არჩეული წარმომადგენლებისაგან შემდგარი ორგანო, რომელიც სარგებლობს საკანონმდებლო ძალაუფლებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ შეუძლიათ, მიიღონ კანონი, რომელსაც ყველა უნდა დაექვემდებაროს. პარლამენტის უფლებამოსილება ემყარება ამომრჩეველთა უმრავლესობის ნებას. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში წარმოდგენილი უმრავლესობა არჩევნების საშუალებით იცვლება, ხელისუფლების სათავეში მოდის ახალი მთავრობა. საპრეზიდენტო სისტემაში, სახელმწიფოს მეთაურის, პრეზიდენტის, არჩევა შესაძლებელია ცალკე პირდაპირი არჩევნების საშუალებით.
  • უმრავლესობის მმართველობა: უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას, უმცირესობა იძულებულია, დაეთანხმოს ამ გადაწყვეტილებას. კონსტიტუცია განსაზღვრავს უმრავლესობის მმართველობის ზღვრებს, რითაც შესაძლებელია  უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა. საკითხის რაობიდან გამომდინარე, უმრავლესობის ქვორუმი შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგალითად, ორი მესამედი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისას;
  • კონტროლისა და ბალანსის სისტემა (სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს (საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს) შორის ურთიერთკონტროლისა და ძალაუფლების დაბალანსების სისტემა): დემოკრატია თავის თავში აერთიანებს ორ პრინციპს: ძალის გამოყენების უფლებამოსილება სახელმწიფოს ხელშია, რაც მოქალაქეთა „განიარაღებას“ გულისხმობს.5 თუმცა, იმისათვის, რომ არ იქნას დაშვებული ძალის გამოყენების უფლებამოსილების  ავტოკრატიულ ან დიქტატორულ მმართველობაში გადაზრდა, ყველა დემოკრატიულ სისტემაში მოქმედებს კონტროლისა და ბალანსის სისტემა. კლასიკური მოდელი სახელმწიფო ხელისუფლებას ჰყოფს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად (ხელისუფლების ჰორიზონტალური გადანაწილების პრინციპით); ბევრ ქვეყანაში, ასევე, ფუნქციონირებს დამატებითი სისტემები, როგორიცა, ორპალატიანი საკანონმდებლო სისტემა და ფედერალური ან კანტონალური ავტონომია, რომელიც კონტროლისა და ბალანსის დამატებით ვერტიკალურ სისტემებს წარმოადგენს (ასეთი ქვეყნებია შვეიცარია, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია).
  • დროებითი ხელისუფლება: ძალაუფლების კონტროლის კიდევ ერთი საშუალება, რომლის თანახმადაც ხელისუფლება გადაეცემა გარკვეულ ჯგუფს განსაზღვრული დროით. სწორედ ამას ემსახურება არჩევნები და, გარკვეულ შემთხვევებში, ხელისუფლებაში ყოფნის სრული პერიოდი შეზღუდულია, როგორც ამას ადგილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შემთხვევაში, რომელსაც ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ აქვს ორი ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. ძველ რომში ორ-ორი კონსულის დანიშვნა ერთი წლის ვადით ხდებოდა.

1.2.3  ადამიანის უფლებებთან და დემოკრატიასთან დაკავშირებული ცრუ წარმოდგენები

დემოკრატია ეფუძნება ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და პრინციპებს. არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანის უფლებების შესახებ თავს იჩენს ცრუ წარმოდგენები და როდესაც იგი აღიქმება სისტემად, სადაც ინდივიდუალური პიროვნება სრული თავისუფლებით სარგებლობს. რა თქმა უნდა, ეს მცდარი ინტერპრეტაციაა.

ადამიანის უფლებები ცნობს ინდივიდუალურ პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც მათ თანდაყოლილ და დამახასიათებელ უფლებებსა და თავისუფლებებს წარმოადგენს. თუმცა ეს უფლებები არ არის აბსოლუტური. ასევე, საჭიროა სხვათა უფლებების დაცვა. გარკვეულ შემთხვევებში, თავს იჩენს უფლებათა შორის კონფლიქტიც. დემოკრატიული პროცესები ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ხალხი სარგებლობს მათთვის მინიჭებული თავისუფლებებით და, ამავდროულად, გარკვეული აუცილებელი შეზღუდვებით. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე, მაგალითად, ეწყობა დისკუსიები, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოთქვან მოსაზრებები, მაგრამ მათი მოსაზრებების გამოთქმისათვის გამოყოფილი დრო შეზღუდულია, შესაძლებელია ძალიან მკაცრადაც. სწორედ ამავე მიზეზით არის დაწესებული რეგლამენტი გამომსვლელებისათვის, საპარლამენტო ან სატელევიზიო დებატების დროს.

საავტომობილო გზებზე მოძრაობის წესების უმრავლესობა ზღუდავს ჩვენი მოძრაობის თავისუფლებას, ესენია: ქალაქში მოძრაობის სიჩქარეზე დაწესებული შეზღუდვა, საგზაო შუქნიშანზე წითელი სიგნალისას გაჩერების აუცილებლობა და ა.შ. ნათელია, რომ ეს წესები ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.

დემოკრატია, მმართველობის სხვა სისტემებთან შედარებით, ყველაზე მეტ თავისუფლებას აძლევს როგორც ხალხს, ასევე, ინდივიდუალურ პირებს, იმ პირობით, რომ ეს თავისუფლებები სისტემაში იქნება მოქცეული, კერძოდ, ინსტიტუციურ ჩარჩოებში, და მათი განხორციელებაც იმავე ჩარჩოებში იწარმოებს. სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის დემოკრატიას სჭირდება მყარი სახელმწიფო, რომელშიც დაცულია კანონის უზენაესობა და კეთილდღეობის თანაბარი გადანაწილების მისაღები დონე. სუსტი სახელმწიფო ან კანონის უზენაესობის არასათანადო უზრუნველყოფა მანიშნებელია იმისა, რომ მთავრობას არ ძალუძს, იმოქმედოს კონსტიტუციურ ჩარჩოებში და უზრუნველყოს კანონის დაცვა.

1.2.4 დადებითი და უარყოფითი მხარეები

ზოგადად, სხვადასხვა ტიპის დემოკრატიას ახასიათებს შემდეგი ტიპის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ა. დემოკრატიის დადებითი მხარეები
  • დემოკრატია უზრუნველყოფს კონფლიქტების ცივილიზებული, არაძალადობრივი გზით მოგვარებისათვის საჭირო საფუძვლის შექმნასა და საშუალებების მოწოდებას; კონფლიქტის დინამიკა  და პლურალიზმი პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო საშუალებებს წარმოადგენს.
  • დემოკრატიული სახელმწიფოები „ძლიერი პაციფისტების“ როლს ასრულებენ, როგორც მათ ფარგლებს შიგნით არსებულ საზოგადოებებში, ასევე, საერთაშორისო მასშტაბით.
  • დემოკრატია წარმოადგენს ერთადერთ სისტემას, სადაც პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილება არ უკავშირდება მართვის სისტემის ცვლილებას.
  • დემოკრატიული საზოგადოება წარმოადგენს მოსწავლეთა საზოგადოებას, სადაც არსებობს შემწყნარებლური დამოკიდებულება ადამიანისათვის დამახასიათებელი შეცდომების მიმართ. საყოველთაო კეთილდღეობის განსაზღვრა შესაძლებელია მოლაპარაკების გზით და არ არის ძალით თავს მოხვეული, დესპოტური ხელისუფლების მიერ.
  • ადამიანის უფლებები ამყარებს დემოკრატიას, ქმნის რა იმ ნორმატიულ საფუძვლებს პოლიტიკური პროცესებისათვის, რომელიც ადამიანის ღირსებების დაცვას ეფუძნება. ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ არსებული ხელშეკრულებების რატიფიცირებით, მთავრობა ქვეყნის მოქალაქეებს აძლევს „გარანტიას“, რომ დაცული იქნება მათი პირადი თავისუფლებები და სხვა უფლებები.
ბ. დემოკრატიის უარყოფითი მხარეები და მასთან დაკავშირებული პრობლემები
  • პარტიები და პოლიტიკოსები, არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას ხშირად მომავლის მიზნებს ანაცვალებენ. დემოკრატია ერთგვარ სტიმულს ქმნის არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკის განხორციელებისათვის, მაგალითად, გარემოს დაცვის ან მომავალი თაობებისათვის ზრუნვის ხარჯზე („ნებისმიერ ფასად“).
  • მთავრობა, რომელიც ზრუნავს ხალხის კეთილდღეობაზე, ახორციელებს ქმედებებს, რომელიც სასიკეთოდ მიიჩნევა ეროვნული სახელმწიფოს ფარგლებს შიგნით მცხოვრები მოქალაქეებისათვის. გლობალური მასშტაბით მიმდინარე მზარდი ურთიერთდამოკიდებულება, ეკონომიკასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, ეროვნული სახელმწიფოს დონეზე მიღებული დემოკრატიული გადაწყვეტილების გავლენის ასპარეზს ზღუდავს.

1.2.5  დასკვნები

ის, თუ რა გასაქანი ეძლევა დემოკრატიის დადებით მხარეებს და რამდენად იზღუდება მისი უარყოფითი მხარეების გამოვლინებები, დიდად არის დამოკიდებული დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეებზე. დემოკრატია არის სისტემა, რომელიც მოქალაქეებს უყენებს მოთხოვნებს და განისაზღვრება პროცესებში მოქალაქეების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით – ინფორმირებული და კრიტიკული, ლოიალური დამოკიდებულება; როგორც უინსტონ ჩერჩილმა აღნიშნა 1947 წელს: „დემოკრატია მმართველობის ყველაზე უარესი ფორმაა, მათ გარდა, რაც კი აქამდე უცდია კაცობრიობას“.

როგორც ჩამოყალიბებული დემოკრატიის მქონე, ასევე, ჩამოყალიბების ეტაპზე მყოფი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოებში, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს იმ პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაში, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატია, მისი აყვავებისა და შენარჩუნების მიზნით.

5. არსებობს თვალსაჩინო მაგალითი მოქალაქეთა „განიარაღების“ პრინციპის შემსუბუქებისა, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში.


1.3 სკოლების დემოკრატიული მმართველობა

1.3.1 სკოლა – მიკროდემოკრატია?

განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება ეფუძნება სკოლებში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საშუალებით, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით განხორციელებული სწავლების ძირითად პრინციპებს. სკოლა აღიქმება, როგორც მიკროსაზოგადოება, „ემბრიონულ სტადიაში მყოფი საზოგადოება“6, სადაც იცავენ მიღებულ წესებსა და პროცედურებს, იღებენ გადაწყვეტილებებს და არსებობს ურთიერთობის ქსელი, რაც გავლენას ახდენს ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე.

აქედან გამომდინარე, უნდა აღიქმებოდეს თუ არა სკოლა მინიატურულ დემოკრატიულ საზოგადოებად? დემოკრატიული სახელმწიფოს მახასიათებლების ჩამონათვალზე თვალის გადავლებით, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ სკოლა არ არის პატარა სახელმწიფო, სადაც იმართება არჩევნები, სადაც მასწავლებლები მთავრობის წევრების ფუნქციას ასრულებენ და სადაც სკოლის დირექტორი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გვევლინება და ა.შ. აქედან გამომდინარე, მოცემული კითხვა შეიძლება რიტორიკულ კითხვად დავტოვოთ. მაგრამ რა უნდა გაკეთდეს სკოლებში დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების სწავლებისათვის?

1.3.2 სკოლების დემოკრატიული მმართველობა: წინსვლის ოთხი ძირითადი სფერო და  სამი კრიტერიუმი

ელიზაბეტ ბაკმენმა და ბერნარდ ტრაფორდმა, მეთოდისტებმა შვედეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან, რომლებიც, ასევე, ევროპის საბჭოს მიერ გამოცემული სახელმძღვანელოს „სკოლების დემოკრატიული მმართველობა“7 ავტორები არიან, ამ საკითხის ძირეული გამოკვლევა შემოგვთავაზეს. მათი მტკიცებით, სკოლები საჭიროებენ როგორც მართვას, ასევე, ხელმძღვანელობას. სკოლას მართავს სკოლის ადმინისტრაცია – მაგალითად, სამართლებრივი, ფინანსური და სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისი ღონისძიებების გატარებით. სკოლის დირექტორსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთდამოკიდებულება იერარქიულ ხასიათს ატარებს, ინსტიტუციური სისტემისა და განაწესის შესაბამისად. სკოლის მმართველობა, მეორე მხრივ, ასახავს თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე სოციალური ცვლილებების დინამიკას. სკოლებს სჭირდებათ ურთიერთობა სხვადასხვა პარტნიორთან და სკოლის გარეთ მყოფ დაინტერესებულ მხარეებთან და, აგრეთვე, ისეთი პრობლემების მოგვარება და ისეთ გამოწვევებთან გამკლავება, რომელთა გათვალისწინებაც და წინასწარ გათვლაც შეუძლებელია. ამ შემთხვევაში, სკოლის საზოგადოების ყველა წევრი, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეები, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. საზოგადოების წევრები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, აწარმოებენ მოლაპარაკებებს და აღწევენ შეთანხმებებს, ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს. არც ერთ მონაწილე მხარეს არ აქვს სრული კონტროლი მეორეზე.8

სკოლის დემოკრატიულ მმართველობაში ბაკმენი და ტრაფორდი გვთავაზობენ ოთხ ძირითად სფეროს, ესენია:

  • მმართველობა, ხელმძღვანელობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება;
  • ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება;
  • თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ჩართულობა: კონკურენტუნარიანობა და სკოლის თვითგამორკვევა;
  • მოსწავლეების დისციპლინა.

ძირითად სფეროებში მიღწევების შესაფასებლად, ბაკმენი და ტრაფორდი იყენებენ სამ კრიტერიუმს, რომელიც ეფუძნება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისათვის ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ სამ ძირითად პრინციპს:

  • უფლებები და მოვალეობები;
  • აქტიური მონაწილეობა;
  • მრავალფეროვნების დაფასება.

1.3.3 დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლება სკოლის დემოკრატიული მმართველობის საშუალებით

ბაკმენი და ტრაფორდი გვთავაზობენ იმ ინსტრუმენტთა დეტალურ ჩამონათვალს, რომლებიც სკოლებში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა პრინციპების გატარების  უზრუნველყოფას ემსახურება. მოსწავლეები სკოლაში მიმდინარე პროცესებში დემოკრატიული პრინციპების მიხედვით  მონაწილეობის პრაქტიკას  გამოცდილებით ეზიარებიან, მაგრამ სკოლა რჩება საგანმანათლებლო დაწესებულებად; სკოლები არ გადაიქცევიან მიკროსახელმწიფოებად, თუმცა ისინი წარმოადგენენ მიკროსაზოგადოებებს.

6. იხილეთ ჯ. დეუეის „სკოლა და საზოგადოება“ გვ. 32; ამერიკის შეერთებული შტატები, კოსიმო, 2007 წელი.
7. ე. ბაკმენი და ბ. ტრაფორდი „სკოლების დემოკრატიული მმართველობა“, ევროპის საბჭო, სტრასბურგი, 2007 წელი.
8. ე. ბაკმენი და ბ. ტრაფორდი „სკოლების დემოკრატიული მმართველობა“, გვ. 9. ევროპის საბჭო, სტრასბურგი, 2007 წელი.