თქვენ კითხულობთ ტომს I
განათლება დემოკრატიისათვის

2. პოლიტიკური კულტურა


2.1 დემოკრატიას საფუძველს უყრიან მოქალაქეები

მაგალითი:

საპარლამენტო არჩევნების შედეგები შობს გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს. უმრავლესობით კომპლექტდება მთავრობა, ხოლო უმცირესობა ქმნის ოპოზიციას. ყოფილ მთავრობას შეიძლება მოუწიოს ხელისუფლების დათმობა და ახალი მთავრობა, რომელსაც განსხვავებული პოლიტიკური ხედვა აქვს, ანაცვლებს მას.

წესები აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ არ არის საკმარისი. საარჩევნო სისტემა მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ წაგებული მხარე, უმცირესობა, არჩევნების შედეგებს გაიზიარებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნებს შეიძლება მოჰყვეს ძალადობრივი კონფლიქტი, საზოგადოების ორ ნაწილად გახლეჩა, ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს მის წევრებს შორის არსებული ერთობის გამყარება.

საარჩევნო კამპანია პარტიებს აძლევს საშუალებას,თავიანთი მოსაზრებები მოქალაქეებს გაუზიარონ. მაგრამ რა შედეგს უნდა ველოდოთ, თუ არჩევნებში მონაწილე პარტია აღვივებს რასიზმს ან ფუნდამენტალიზმს ან ანტიდემოკრატიული იდეების პროპაგანდას ეწევა?

იმისათვის, რომ არჩევნები მოგვევლინოს როგორც შესაძლებლობა მოქალაქეების მონაწილეობისა დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საზოგადოებას აშკარად სჭირდება რაღაც უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ კანონის ჩარჩოები, რომელიც ამკვიდრებს საარჩევნო სისტემას. საჭიროა არსებობდეს ნდობა პოლიტიკური პროცესებისადმი და გზები და საშუალებები, რომლებიც გარანტია იქნება იმისა, რომ ეს პოლიტიკური პროცესები სამართლიანად და დარღვევების გარეშე წარიმართება.

მოცემული მაგალითი გვიჩვენებს, რომ დემოკრატია თანაბრად არის დამოკიდებული როგორც წესებზე, ასევე, მოქალაქეთა დამოკიდებულებაზე დემოკრატიის მიმართ. მოქალაქეებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ  სისტემის არსი და უნდა მოსწონდეთ იგი, და, ამავე დროს უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას ამ სისტემის შენარჩუნებაზე.  პარტიების ურთიერთდამოკიდებულება უნდა შემოიფარგლებოდეს კონკურენტებს შორის ურთიერთდამოკიდებულებით და არ უნდა გადაიზარდოს მტრობაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვლინდება დემოკრატიის დადებითი მხარეები – დემოკრატიისა, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ სისტემას, სადაც მთავრობის ცვლილება შესაძლებელია პოლიტიკური სისტემის ცვლილების გარეშე.

დემოკრატია წარმოადგენს ინსტიტუციებისა და პროცედურების სისტემას, რომელიც მოიცავს სახალხო არჩევნებს, საპარლამენტო წარმომადგენლობასა და ხელისუფლების კონტროლს,კონტროლისა და ბალანსის სისტემის საშუალებით. ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუციაში ჩადებულია რეფერენდუმების გამართვა (რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირდაპირ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში),  ან საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობა. დემოკრატია წარმოადგენს სცენას, ხოლო მოქალაქეები თავიანთ როლებს ასრულებენ ამ სცენაზე. გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ, მოქალაქეები უნდა გამოთქვამდნენ მზადყოფნას და მათ უნდა შეეძლოთ თავიანთი როლების თამაში და ჩაბმულნი უნდა იყვნენ დემოკრატიის პოლიტიკურ სისტემაში.

დემოკრატია წარმოადგენს ინსტიტუციათა სისტემას, რომელიც პოლიტიკური კულტურიდან მომდინარეობს. ინსტიტუციური სისტემა ადგენს ამ კულტურის ჩარჩოებს, მაგრამ მას არ შეუძლია კულტურის შექმნა ან მისი სტაბილურობის უზრუნველყოფა. იგივე პრინციპი მოქმედებს ავტოკრატიული მმართველობის დროსაც. ავტოკრატიაც შესაბამის პოლიტიკურ კულტურაზეა დამოკიდებული, ემყარება პოლიტიკურად მორჩილ სუბიექტებს, ნაცვლად აქტიური და ქმედითი სისტემებისა.


2.2 ადამიანის უფლებათა კულტურული განზომილება

ადამიანის უფლებები, რომლებიც თავისი ბუნებით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს წარმოადგენს, გამოხატავს იმას, თუ რას გულისხმობს პრაქტიკაში დემოკრატიული პროცესები, მათ შორის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება (რაც ცენზურის აკრძალვას გულისხმობს), ხმის უფლება და თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპები, რომლებიც ესადაგება ყველა უფლებას, რომლითაც ადამიანები სარგებლობენ. ქვეყნის მიერ ადამიანის უფლებათა შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა ეროვნული კანონისა და პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პირობას დებს. ქვეყნები ამას თავისუფალი ნებით აკეთებენ.

რა ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანა ვერ ასრულებს დადებულ პირობას, დაიცვას ადამიანის უფლებები? არსებობს სხვადასხვა დამცავი მექანიზმი, რომელიც დაწესებულია გაერთიანებული ერებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის იმ რეგიონული ინსტიტუტების მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებათა შესახებ ქვეყნის მიერ ხელმოწერილი რეგიონული კანონების შემუშავებაში. მაგალითად, ევროპაში ასეთ დამცავ მექანიზმს წარმოადგენს ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა შესახებ, რომელიც ორიენტირებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე. ქვეყნებს შეუძლიათ, ხელი მოაწერონ ევროპის სოციალურ ქარტიას, რომელშიც ჩამოყალიბებულია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები. იმ შემთხვევაში, თუ კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანა არღვევს კონვენციის დებულებებს, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქეებს (და, პრინციპში, ამ ქვეყნის იურისდიქციაში შემავალ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა პირს) შეუძლიათ, საბოლოოდ მიმართონ სტრასბურგში არსებულ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

უმეტეს შემთხვევაში, ადამიანის უფლებებით სარგებლობენ კონსტიტუციური დემოკრატიის ფორმით ორგანიზებული მმართველობის ჩარჩოებში, დემოკრატიული პროცესების ჩვეული მექანიზმების საშუალებით. აღნიშნული მექანიზმები მოიცავს შესაბამისად ჩამოყალიბებულ კანონებს და, ასევე, მოქალაქეების პროცესებში მონაწილეობისა და ჩართულობის კულტურას.

დემოკრატია და ადამიანის უფლებები დამოკიდებულია იმ ინსტიტუციურ ჩარჩოებზე, რომელიც შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: კონსტიტუციასა და სამართლებრივ სისტემაში დამკვიდრებული წესები და პრინციპები და პოლიტიკური კულტურა. დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს ამყარებს პრინციპების, ღირებულებებისა და ვალდებულებების კრებული. დემოკრატია და ადამიანის უფლებები უშვებს საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის არსებობას, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ არსებობს ერთსულოვანი თანხმობა იმ ჩარჩოებზე, რომლის ფარგლებშიც დაცულია, მაგრამ, ამავე დროს, შეზღუდულია ადამიანის თავისუფლებები. მოქალაქეს აქვს უფლება, საწინააღმდეგო მოსაზრება გააჩნდეს ყველა საკითხზე, მაგრამ შედეგად წარმოქმნილი უთანხმოება არ უნდა სცდებოდეს სისტემით დადგენილ ფარგლებს.


2.3 სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საშუალებით - დემოკრატიის კულტურა სკოლებში

დემოკრატიის მომხრე და ერთგული მოქალაქეების გარეშე დემოკრატია ვერ იარსებებს.

დემოკრატიის მემკვიდრეობა გადაეცემა ყოველ მომდევნო თაობას; საჭიროა, მომავალმა თაობამ ნათლად აღიქვას და დააფასოს ეს მემკვიდრეობა და ისწავლოს, როგორ ისარგებლოს ამ მემკვიდრეობით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, ისევე, როგორც ზოგადად განათლება, რაც მდგომარეობს ახალგაზრდა თაობის დახმარებასა და წახალისებაში, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ აქტიურ და დემოკრატიის მომხრე და ერთგულ მოქალაქეებად.

დემოკრატიის კულტურული ტრადიციების დამკვიდრება და განვითარება ნელი ტემპით მიმდინარეობს, როგორც ეს მრავალი ქვეყნის ისტორიული გამოცდილებით ხდება ნათელი. ეროვნული სახელმწიფოს შენების პროცესში სამოქალაქო ომგადატანილი საზოგადოებები სერიოზულ დაბრკოლებებს აწყდებიან და ამის მიზეზი დემოკრატიული კულტურის ტრადიციების არარსებობაა. შესაძლებელია დემოკრატიის მოდელის გადმოღება სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ დემოკრატიის კულტურის საფუძვლების გადმოღება შეუძლებელია – ეს საფუძველი საზოგადოების კულტურული მემკვიდრეობიდან უნდა მომდინარეობდეს.

პოლიტიკური კულტურის საფუძვლების ჩაყრა კონსტრუქტივისტული კატეგორიებით არის შესაძლებელი. მისი შეძენა შესაძლებელია სწავლისა და სოციალიზაციის საშუალებით. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, სკოლები დემოკრატიის პრინციპებით იმართებიან თუ ავტოკრატიის პრინციპებით, ვინაიდან მოსწავლეები ამგვარად ადრეული ასაკიდან ეჩვევიან ცხოვრებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობით, ან ავტოკრატიული მმართველობის ქვეშ.

სკოლას, როგორც მიკროსაზოგადოებას, შეუძლია დახმარება გაუწიოს მოსწავლეებს, რათა მათ ადრეული ასაკიდან შეითვისონ და სათანადოდ დააფასონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძირითადი ელემენტები, მათ შორის:

  • მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, გააცნობიერონ თავიანთი ინტერესები და შეხედულებები და გაბედულად და საკუთარ თავში დარწმუნებით გამოხატონ ისინი.
  • მოსწავლეები ერთმანეთს ურთიერთპატივისცემით ეპყრობიან, უსმენენ ერთმანეთს და თანაგრძნობას გამოხატავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფლობენ უნარს და მზადყოფნას გამოთქვამენ, გაიზიარონ სხვისი აზრი;
  • მოსწავლეებს შეუძლიათ, კონფლიქტი არაძალადობრივი საშუალებებით მოაგვარონ, მოლაპარაკებებითა და დათმობაზე წასვლის საშუალებით.
  • მოსწავლეები სათანადოდ აფასებენ იმ ინსტიტუციური ჩარჩოების ფუნქციას, რომელიც იცავს და, ამავდროულად, ზღუდავს მათ ინდივიდუალურ უფლებებსა და თავისუფლებებს. ისინი წესების „მკაცრ“ ფორმალურ ელემენტთან ერთად ეცნობიან პოლიტიკური კულტურის „ლიბერალურ“, არაფორმალურ ელემენტს.
  • მოსწავლეები სათანადოდ აფასებენ პოლიტიკას, როგორც  პრობლემების გადაჭრისაკენ მიმართულ პრაქტიკულ ძალისხმევას, რომელიც ყურადღებასა და გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს.
  • მოსწავლეები მონაწილეობენ წარმომადგენლების არჩევისა და გადაწყვეტილების მიღების ფორმალურ პროცესებში.
  • მოსწავლეები წინასწარი ინსტრუქციების გარეშე ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ინფორმირებულობის დონის ამაღლებით, აქტივობით, ლობირებით და პრობლემების მოგვარებით, ინსტრუქციებისა თუ დახმარების გარეშე.
  • მოსწავლეები იღებენ პასუხისმგებლობას თავიანთ გადაწყვეტილებებსა და არჩევანზე, ითვალისწინებენ რა ამ გადაწყვეტილებებისა და მათ მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგებს, როგორც თავიანთი თავის, ისე სხვათა მიმართ.
  • მოსწავლეები რწმუნდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისეთ საკითხებზე, რომელიც მათ ეხებათ, ამას მათ მაგივრად სხვები გააკეთებენ და შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ სხვების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასახარბიელო აღმოჩნდეს მათთვის.

პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას დიდად განაპირობებს ის დამოკიდებულებები და ღირებულებები, რომელთაც ახალგაზრდა თაობა სოციალიზაციის პროცესში იძენს, მათ შორის, სკოლაში მიღებული გამოცდილებით. არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც ძლიერ გავლენას ახდენს ახალგაზრდა თაობის სოციალიზაციის პროცესზე, განსაკუთრებით, ოჯახი, თანატოლები და მედიასაშუალებები. მეორე მხრივ, სკოლის საზოგადოება ბავშვებსა და მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინონ საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება; აქედან გამომდინარე, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სკოლას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია დემოკრატიის მემკვიდრეობის მომავალ თაობაზე გადაცემის კუთხით. სასკოლო გარემოში, გადაწყვეტილების მიღების ფორმალურ პროცესში მონაწილეობითა და, აგრეთვე, ყოველდღიური ურთიერთობებით შეძენილი ცოდნითა და გამოცდილებით, ახალგაზრდებს უყალიბდებათ ჩვევები და უნარები, რომლებიც,  შემდგომ ცხოვრების მანძილზე,დემოკრატიულ პროცესებსა და ადამიანის უფლებათა ღირებულებებთან მათ დამოკიდებულებას განაპირობებს.