თქვენ კითხულობთ ტომს I
განათლება დემოკრატიისათვის

5. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში ჩართულ მასწავლებელთა პროფესიული ეთიკა: სამი პრინციპი

თუ მოსწავლეები დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე თავიანთი შეხედულებებით მოდიან, ხოლო გაკვეთილების შემდეგ ყველანი მასწავლებლის შეხედულებას იზიარებენ, ეს უკვე პრობლემაზე მიუთითებს. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელმა მასწავლებელმა არ უნდა მოახდინოს გავლენა მოსწავლეებზე, იმ შეხედულებებისა და ღირებულებების ჩანერგვის მიზნით, რომელსაც თავად მასწავლებელი იზიარებს. სკოლები საჯარო დაწესებულებებს წარმოადგენს და რასაც მშობლები და მთლიანად საზოგადოება ელის მასწავლებლისაგან, არის ის, რომ მასწავლებლები ბოროტად არ გამოიყენებენ თავიანთ პოზიციას და ხელს არ მიჰყოფენ მათი შვილების ინდოქტრინაციას.

აქედან გამომდინარე, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელი მასწავლებლის პროფესიულ ეთიკას გადამწყვეტი როლი ენიჭება ამ სწავლების წარმატებით გახორციელებაში და, ზოგადად, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სასკოლო პროგრამაში ჩართვის გამართლების თვალსაზრისით. შესაძლებელია გამოვყოთ მასწავლებელთა ეთიკის სამი ძირითადი პრინციპი, რომელთა ჩამოყალიბებაც უკავშირდება,1970-იან წლებში ამ საკითხის ირგვლივ გერმანიაში გამართულ დებატებს.19

19. იხილეთ, “Der Beutelsbacher Konsens” (www.lpb-bw.de).


5.1 ინდოქტრინაციის დაუშვებლობის პრინციპი

მასწავლებლის მხრიდან დაუშვებელია მოსწავლეთა ინდოქტრინაციის ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ მოსწავლეებმა მასწავლებლისათვის მისაღები მოსაზრება გაიზიარონ, მაგალითად, პოლიტიკური მართლზომიერების შესახებ. ამ მიზნით, დაუშვებელია მასწავლებლის მცდელობა, გააჩუმოს ან „ჩაახშოს“ ნებისმიერი მოსწავლე, საწინააღმდეგო მოსაზრების არგუმენტებით. პირიქით, მასწავლებელმა მოსწავლეებს საკითხზე თავისუფლად მსჯელობის საშუალება უნდა მისცეს, ყოველგვარი ჩარევისა და დაბრკოლებების გარეშე. მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეთა ინდოქტრინაციის ნებისმიერი მცდელობა ეწინააღმდეგება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებასა და მის მიზნებს, რომელიც ემსახურება ისეთი მოქალაქეების აღზრდას, რომელთაც ექნებათ სურვილი და მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღონ და ჩაერთონ ღია და თავისუფალი, პლურალისტური, დემოკრატიული საზოგადოებების საქმიანობაში.

5.1.1 პრაქტიკული გამოსავალი

მასწავლებელი უნდა უძღვებოდეს დისკუსიებს, რომლებიც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე იმართება, მაგრამ არ უნდა იღებდეს მონაწილეობას მათში. მეორე მხრივ, თუ მოსწავლეები დაინტერესდებიან მასწავლებლის მოსაზრებით ამა თუ იმ საკითხის შესახებ, მასწავლებელმა უნდა გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. მოსწავლეებისათვის ნათელია, რომ მასწავლებელს, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები გააჩნია და, ძალიან ხშირად, მოსწავლეები ინტერესდებიან მასწავლებლის შეხედულებებით. ამასთან, საჭიროა მასწავლებელმა ნათელყოს, რომ იგი საუბრობს არა პროფესიონალის, არამედ მოქალაქის პოზიციიდან. ცხადია, მოსწავლეები უცნაურად ჩათვლიან იმ ფაქტს, რომ მათ მასწავლებელს არ გააჩნია საკუთარი მოსაზრება პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე მათ, მოსწავლეებს, მუდმივად მოეთხოვებათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები.

მასწავლებლისათვის, რომლისთვისაც ადამიანის უფლებები შეუცვლელ ღირებულებას წარმოადგენს, ძნელი იქნება მოსწავლის მიერ რასიზმის ან ფუნდამენტალიზმის ელფერის მატარებელი ნებისმიერი მოსაზრებების მოსმენა. მაგრამ მასწავლებელმა საწინააღმდეგო მოსაზრებებითა და არგუმენტაციით კი არ უნდა ჩაახშოს მოსწავლეების მხრიდან გამოთქმული მსგავსი ელფერის მატარებელი მოსაზრებები, არამედ უნდა ეცადოს, მიხვდეს, რა დგას ამ მოსაზრებების უკან, რატომ ჩამოყალიბდა მისი მოსწავლის აზროვნებაში მსგავსი შეხედულება და უნდა გამოიწვიოს მოსწავლეები, რათა სხვაგვარად და სხვა კუთხით წაიყვანოს მათი აზროვნება, მაგრამ არა დოგმატური გზებით.


5.2 სადავო საკითხზე მსჯელობის პრინციპი

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე საჭიროა შემოტანილ იქნას აქტუალური და სადავო სამეცნიერო ან პოლიტიკური საკითხები. სადავო საკითხებზე მსჯელობა ინდოქტრინაციის დაუშვებლობის პრინციპით უნდა წარმოებდეს: იმ შემთხვევაში, თუ არ უსმენენ განსხვავებულ მოსაზრებებს, ხოლო ალტერნატიული მოსაზრებები უგულებელყოფილია, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას ინდოქტრინაციის ასპარეზად გადაქცევის პერსპექტივა ემუქრება. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე დაშვებულია კომპლექსურობა, კამათი და დაპირისპირებაც კი. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო უფლებებს წარმოადგენს, ინდივიდუალურად აღებული უფლებები შესაძლებელია ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს და ურთიერთგამომრიცხავიც კი იყოს.

პლურალისტულ საზოგადოებაში უთანხმოება, განსხვავებული ღირებულებები და ურთიერთგამომრიცხავი ინტერესები ჩვეულ წესს წარმოადგენს, და არა გამონაკლისს; და ამისათვის მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ გაართვან თავი მსგავს სიტუაციებს. დემოკრატიის პირობებში დებატები და განხილვები პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მოგვარების საშუალებაა. შეთანხმება და გარკვეული ჰარმონია, რომელიც კომპრომისის საშუალებით მიიღწევა, მოლაპარაკებების შედეგს წარმოადგენს. ძალად თავს  მოხვეული ჰარმონია, პრობლემური საკითხების ღიად განხილვის გარეშე, ჩახშობის ტენდენციის მანიშნებელია.

5.2.1 პრაქტიკული გამოსავალი

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე მასწავლებელმა, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა წარმოადგინოს, სულ მცირე, ორი მოსაზრება მაინც. მნიშვნელოვანია მოსაზრებათა შორის ბალანსის არსებობა (მაგალითად, ყველა მოსაზრება თანაბარი მოცულობის ტექსტის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი).

საერთო საკლასო განხილვის დროს, მასწავლებელმა გულდასმით უნდა მოისმინოს მოსწავლეების მიერ გამოთქმული განსხვავებული მოსაზრებები. თუ რომელიმე მოსაზრება მხოლოდ უმცირესობის მხრიდან გამოითქმება – ან თუნდაც არც ერთი მოსწავლე არ გამოთქვამს მას – მასწავლებელმა უნდა შემოიტანოს ეს მოსაზრება, პაექრობის სულისკვეთების შენარჩუნების მიზნით, მაგრამ, ამავე დროს, ნათლად უნდა განაცხადოს, რომ ამ შემთხვევაში იგი მხოლოდ გარკვეულ როლს ასრულებს და არ გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას. მასწავლებელმა პაექრობაში მონაწილეობის საკუთარი სტილი მოსწავლეების მიერ წარმოებული პაექრობის სტილს უნდა შეუსაბამოს.


5.3 მოსწავლეთა წახალისება, რათა მათ თავიანთი ინტერესების წარმოჩენა და წინ წამოწევა შეძლონ

მოსწავლეები უნდა ფლობდნენ პოლიტიკური სიტუაციის ანალიზის უნარს, უნდა შეეძლოთ თავიანთი ინტერესების ამოცნობა და იმ გზებისა და საშუალებების გამონახვა, რომლითაც ზემოქმედებას მოახდენენ შექმნილ სიტუაციაზე, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ შეცვლის მიზნით. ეს მიზანი მოითხოვს მოსწავლეების წვრთნას, მოქმედებების გახორციელებისა და მონაწილეობისათვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავება-გამტკიცების მიზნით. ამის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დაცული იქნება ზემოთ მოყვანილი ორი პრინციპი, რომელიც გულისხმობს ინდოქტრინაციის დაუშვებლობასა და სადავო საკითხებზე მსჯელობას. მოცემული პრინციპი არ უნდა იქნას არასწორად გაგებული და მიჩნეული, როგორც ეგოიზმის გაღვივებისა და პასუხისმგებლობების უგულებელყოფის პრინციპი. ნებისმიერი საზოგადოება სწორედ ამ ღირებულებებს ემყარება, მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მასწავლებელმა არ უნდა მოუწოდოს მოსწავლეებს თავიანთი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების შესრულებისაკენ, რათა ამით ხელი არ შეუშალოს მოსწავლეების მიერ თავიანთი ინტერესების წარმოჩენისა და დაცვის მცდელობას.

5.3.1 პრაქტიკული გამოსავალი

სკოლა წარმოადგენს მიკროსაზოგადოებას, სადაც მოსწავლეები სწავლობენ საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობას. ამის გახორციელება სხვადასხვა საშუალებით არის შესაძლებელი, დაწყებული საკლასო ოთახიდან, სადაც მოსწავლეები მათთვის საინტერესო განსახილველი თემის შერჩევასა და გაკვეთილის დაგეგმვაში მონაწილეობენ, და დამთავრებული სკოლის დემოკრატიული პრინციპებით მართვაში მონაწილეობითა (სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის „საშუალებით“) და აქტივობებით.

ამოცანასა და პრობლემაზე ორიენტირებული სწავლა ხელს უწყობს მოსწავლეებში დამოუკიდებელი განსჯა-მსჯელობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარებას.