საგანმანათლებლო მიზანი |
თვითშეფასების ამაღლება; მოსწავლეებს ეძლევათ სტიმული, განსაზღვრონ თავიანთი დადებითი მხარეები. ჯგუფები აყალიბებენ საერთო მიზნებს. |
შენიშვნა | სავარჯიშო საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, სწრაფად და აქტიურად ჩაებან მუშაობაში. განსაკუთრებით პროდუქტიულია მოცემული სავარჯიშოს შეტანა ახლად ჩამოყალიბებულ კლასში ან კურსის დასაწყის ეტაპზე. |
რესურსები | პოსტერი გერბის გამოსახულებით, მოსწავლეთა თითოეული ჯგუფისთვის, ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები, სურათები ჟურნალებიდან და ა.შ. |
მსვლელობა
- კლასის დაჯგუფების „თამაშის“ გამოყენებით (ბარათების დარიგება, ჟონგლიორთა, მევიოლინეთა და ა.შ. ჯგუფების შექმნის მიზნით), კლასი იყოფა ჯგუფებად. თითო ჯგუფი უნდა შედგებოდეს ოთხი მოსწავლისგან.
- მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში. მათ აქვთ ერთი, საერთო ფურცელი, სადაც გამოსახულია გერბის კონტურები; გარდა ამისა, ყოველ მათგანს აქვს გერბის ძირითადი კონტურიდან ამოჭრილი მეოთხედი.
- ამოცანა:
ინდივიდუალური სამუშაო:- გააკეთეთ ჩანაწერები შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემის საშუალებით:
– როგორ აღიქვამ საკუთარ თავს?
– რა გჭირდება?
– რისი კეთება შეგიძლია?
– რას ნანობ, როცა შენს ცხოვრებაზე ფიქრობ?
- დახატე (ან აარჩიე) ერთი ან რამდენიმე სიმბოლო, რომელიც ესადაგება შენი ჩანაწერების შინაარსს (გამოიყენე ფერადი ფურცლები, ფლომასტერები, სურათები ჟურნალიდან და ა.შ.).
ჯგუფური სამუშაო:
- განუმარტე შენი სიმბოლოების მნიშვნელობა შენი ჯგუფის წევრებს;
- დააწებეთ თქვენ მიერ გაფორმებული ნაწილები სათანადო ადგილას საერთო გერბზე;
- შექმენით ან იპოვეთ თქვენი გუნდის საერთო სიმბოლო და დაიტანეთ გერბის ცენტრში; მოიფიქრეთ ლოზუნგი, რომელიც გამოხატავს თქვენს საერთო მოსაზრებას და დაიტანეთ გერბის ზედა ნაწილში გამოსახულ გრაგნილზე; მოიფიქრეთ სახელწოდება თქვენი ჯგუფისთვის და დაიტანეთ გერბის ქვედა ნაწილში გამოსახულ დროშაზე.
- გააკეთეთ ჩანაწერები შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემის საშუალებით:
- თქვენი გერბი დასრულებული სახით წარუდგინეთ კლასს და გამოფინეთ სხვა ჯგუფების მიერ შექმნილი გერბების გვერდზე.