საგანმანათლებლო მიზანი |
სავარჯიშოს მიზანია, ჯგუფური მუშაობისას უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართულობა; ჯგუფური ერთსულოვნება და თვითშეფასების ამაღლება. მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ჯგუფის ყოველი წევრი უნიკალური და განსხვავებულია და, ამავდროულად, ჯგუფის წევრები ერთმანეთს ავსებენ და ამით განაპირობებენ ჯგუფის სიძლიერეს. |
რესურსები |
მოსწავლეთა ფოტოები, ზომით არა უმეტეს 3 სმ² (გამოდგება ნახატი ავტოპორტრეტიც). ყვითელი ან ნარინჯისფერი მრგვალი ფორმის ფურცლები ზომით 6 სმ², რომელიც ყვავილის გულს ქმნის. ყვავილის ფურცლების ფორმაზე დაჭრილი, ნათელი ფერების ფურცლები, ფერადი ბაფთები, ფერადი ფანქრები, მარკერები, ფლიპჩარტის ორი ფურცელი, წებო ან სხვა დასაწებებელი მასალა. |
მსვლელობა
- ყველა მოსწავლეს ურიგდება მრგვალი ფორმის ფურცელი, რომელზეც ისინი საკუთარ ფოტოებს აკრავენ.
- თითოეული მოსწავლე იღებს 6–6, ყვავილის ფურცლების ფორმის ფერად ფურცელს, სადაც წერს ერთი ან ორი დადებითი შინაარსის სიტყვას, შემდეგ კითხვებზე პასუხის სახით:
- როგორ დაახასიათებს მათ მასწავლებელი;
- როგორ დაახასიათებს მათ მათი ოჯახის მამრობითი სქესის წევრი;
- როგორ დაახასიათებს მათ მათი ოჯახის მდედრობითი სქესის წევრი;
- როგორ დაახასიათებენ ისინი თავიანთ თავს;
- როგორ დაახასიათებს მათ მათი მეგობარი;
- როგორ დაახასიათებს მათ რომელიმე თანაკლასელი, სკოლელი ან საზოგადოების რომელიმე წევრი.
- მოსწავლეები თავიანთი ფოტოების გარშემო აწებებენ ყვავილის ფურცლებს, რაც ქმნის ყვავილის გვირგვინს.
- მასწავლებელი, ან თვითონ მოსწავლეები ყვავილების გვირგვინებს განალაგებენ ფლიპჩარტზე.
- მასწავლებელი, ან თვითონ მოსწავლეები ყვავილების გვირგვინებს ღეროებს უხატავენ ისე, რომ გამოვიდეს თაიგული. ფერადი ბაფთით გაფორმება თაიგულს განსაკუთრებულ იერს შესძენს.
გაგრძელება
მოსწავლეები სხდებიან წრეზე და მსჯელობენ. ეს მოსწავლეებს ეხმარება, აღიქვან სიმბოლოს დატვირთვა: თაიგული თავის სილამაზეს დაკარგავს, თუ რომელიმე ყვავილის გვირგვინი დააკლდება (საზოგადოება); ყოველი გვირგვინი განსხვავებულია და რაღაც განსაკუთრებულს სძენს თაიგულს (პიროვნების ღირსება); ამავდროულად, ყველა ყვავილი ერთნაირად მნიშვნელოვანია (თანასწორობა). ზედა საფეხურის მოსწავლეებთან შესაძლებელია ფრჩხილებში მოცემული ცნებების შემოტანა.